16 ოქტომბრის დილას თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო. 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მალატიის პროვინციაში, ქალაქ კალეში მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყებაში ჯერჯერობით არაფერს ამბობენ ნგრევის ან დაშავებულების თაობაზე. თუმცა ამავე სამსახურის წარმომადგენლების თქმით, სამაშველო ჯგუფები მზადყოფნაში არიან.
მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა ეპიცენტრის ახლომდებარე ქალაქებში: დიარბაქირში, ელაზიგში, ერზინჯანსა და ტუნჯელში. მაგალითად, ელაზიგში სკოლები დაიხურა. ხოლო ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოქალაქეები სახლებსა და ოფისებში არ ბრუნდებიან და განმეორებით ბიძგებს ქუჩებსა და პარკებში ელოდებიან.
გასულ წელს ძლიერმა მიწისძვრამ გაანადგურა თურქეთის 11 პროვინცია. მათ შორის იყო ალატიაც. მაშინ თურქეთში 53 000-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, 16 ოქტომბრის მიწისძვრის სიმძლავრე 6,1 მაგნიტუდას შეადგენდა, ბიძგები იგრძნობოდა სირიაშიც.