მთავარისაქართველო„არჩევნებს ახლოდან დავაკვირდებით” - მეთიუ მილერი

„არჩევნებს ახლოდან დავაკვირდებით” – მეთიუ მილერი

„გვსურს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და მომავალ დღეებში ახლოდან დავაკვირდებით” – ეს მოკლე განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა და პარტნიორ სახელმწიფოს სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

მეთიუ მილერს საქართველოდან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა და თქვა, რომ მთავრობა გამჭვირვალე არჩევნებს უზრუნველყოფს, პარტნიორი სახელმწიფოსგან კი ობიექტურ შეფასებებს მოელის და არა სანქციებს, რომლებიც მისივე თქმით, ისევ ამერიკას შეიძლება დაუბრუნდეს ნეგატიურად.

„თავიდანვე, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ თებერვლის თვეში მოვიწვიეთ ეუთო/ოდირის გრძელვადიანი მისია, მოვიწვიეთ სხვა მისიები, მათ შორის, საპარლამენტო ასამბლეების მისიები. მაქსიმალურად ღია ვართ ნებისმიერი დაკვირვებისთვის ამ არჩევნებზე და იმედი გვაქვს, რომ იქნება მაქსიმალურად წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ამ ტიპის არჩევნებს, მით უკეთესი, ბუნებრივია, ჩვენთვის. მით უმეტეს, თქვენ ხედავთ, რომ ქვეყნდება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების, აბსოლუტურად სიყალბეზე დაფუძნებული ანგარიშები. ისინი აგრძელებენ იმ ტრადიციას, რომელიც განსაკუთრებულად მძაფრად გამოიკვეთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ამ ორგანიზაციებმა გააყალბეს ე.წ. PVT პარალელური ხმის დათვლის შედეგები, გააყალბეს სხვა მონაცემები ზედმეტობებთან დაკავშირებით, შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და იმავე სულისკვეთებით მოქმედებენ ახლაც. ასეთ პირობებში, როდესაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი NGO-ები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომლებიც შეიძლება ფიქრობდნენ თეორიულად სანქციებზე, პრაგმატულად იმოქმედებენ და არ მიიღებენ ისეთ ზომებს, რომლებიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს ნათლად ესმით არჩევნების შედეგების მნიშვნელობა ქვეყნის საგარეო კურსისა და საშინაო ვითარების შემდგომი მოწყობის თვალსაზრისით. ისიც, რომ მათი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სწორედ ამ არჩევნების შედეგების შესაბამისად განისაზღვრება.

„პარტნიორები ხედავენ, რომ პროდასავლურ ქართველ ხალხს, რომელმაც გააკეთა ევროატლანტიკური არჩევანი, დღეს ჰყავს ანტიდასავლური ხელისუფლება, რომელიც გვართმევს ევროპული კეთილდღეობის შანსს. სწორედ ამიტომ არის ასეთი გაფაციცებული ყურადღება საქართველოსა და არჩევნებზე, რომელიც 10 დღეში გველოდება, რომ ამ არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის ნება. ეს, მათ შორის, არის იმის გარანტია, რომ ივანიშვილი ვერ გაბედავს ქართველი ხალხისთვის საკუთარი არჩევანის მოპარვას. არჩევანის, რომელიც აუცილებლად ევროპული იქნება“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღე დარჩა. ამ საარჩევნო პროცესს უპრეცედენტოდ დააკვირდებიან, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. სწორედ დამკვირვებლების შეფასებებს დაეყრდნობიან ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები, არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend