კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიები მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორებს მიეკუთვნება. სულ ახლახან უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში კრეატიული ეკონომიკის მეოთხე მსოფლიო კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც ევრონიუსიც დაესწრო.
კრეატიული ეკონომიკის მე-4 მსოფლიო კონფერენციაზე თავი მოიყარა ორი ათასმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, შემოქმედებითი სფეროს ექსპერტმა და პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირმა, რათა კრეატიული ეკონომიკის სფეროს წინსვლასა და განვითარებაზე ემსჯელათ.
ვიკტროია ცოი, უზბეკეთის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერი:
„იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვართ მასპინძელი ქვეყანა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მეოთხე კონფერენცია ნამდვილად ჩაუყრის საფუძველს კრეატიული ეკონომიკის განვითარებას მომავალში. ეს კონფერენცია, მის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოს თუ გავითვალისწინებთ, დიად მიზანს ისახავს, რადგან სურს, იქცეს კრეატიულ ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის გლობალურ პლატფორმად“.
კულტურულ და შემოქმედებით ინდუსტრიებს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორებს შორის ასახელებენ, რომელთა საერთო შემოსავალი წელიწადში 2 ტრილიონი ევროს ფარგლებშია და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 31%-ს წარმოადგენს.
ფორუმზე განიხილეს, თუ რა გავლენა აქვს შემოქმედებით სექტორზე ახალ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტსა და გაციფრულებას.
რებეკა გრინსპანი, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების გენერალური მდივანი:
“ჩემი აზრით, გაციფრულება უზარმაზარი შესაძლებლობაა და ძალიან რთულია დღეს კრეატიულ ინდუსტრიებზე ფიქრი გაციფრულების გარეშე. თუმცა, ამავე დროს, ეს დიდი გამოწვევაც არის, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ხელოვანები და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები უნდა გადაამზადო, რადგან ხელოვნური ინტელექტი გარკვეულ რისკებსაც ქმნის. არის, მაგალითად, საფრთხე იმისა, რომ მან ხელოვანი ჩაანაცვლოს. ამიტომ აუცილებელია, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ჩარჩო შეიქმნას, რათა შემოქმედი ადამიანები დაიცვას“.
კრეატიული ინდუსტრიები დიდ ტრანსფორმაციას განიცდის ისინი ნერგავენ ინოვაციებს და ხელს უწყობენ სოციალურ ცვლილებებს. გსტაად გაი სოციალური მედიის შინაარსს ქმნის და ამბობს, რომ თანამშრომლობა არის ის ძირითადი ფაქტორი, რომლის გარეშეც ეს ინდუსტრია ვერ გაიზრდება.
გსტაად გაი, კონტენტის ავტორი და მეწარმე:
„ჩემი აზრით, თანამშრომლობა არის ის ძირითადი ფაქტორი, რომელიც აერთიანებს ერთ ოთახში მყოფ ხალხს, აჩვენებს მათ განსხვავებულ პერსპექტივას და იძლევა სხვათა სოციალური ქსელებისა და აუდიტორიის მართვის საშუალებას. ეს გაძლევს საშუალებას, რომ მიიზიდო მაყურებელი შენს სამყაროში და შექმნა აუდიტორია. არაფერია ახალი აუდიტორიის მოზიდვისა და მის ძველ აუდიტორიასთან დაკავშირების უფრო სწრაფი საშუალება, ვიდრე სხვასთან თანამშრომლობა“.
კრეატიული ინდუსტრია აგრძელებს სწრაფი ნაბიჯით სვლას და, დიდი ალბათობით, სწორედ ის იქნება მომავალში ინკლუზიური, მდგრადი ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა.