მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც მედიასთან განცხადებები გააკეთა.
პრემიერმა საქართველო-ამერიკასა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ გამწვავებულ ურთიერთობაზე ისაუბრა და თქვა, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, ურთიერთობები გადაიტვირთება.
„როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ჩვენ მივიღებთ შედეგად სრულიად სხვა მოცემულობას. აქედან გამომდინარე, დროებით მოვლენებზე, როგორიც არის, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუცია, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი ამოცანაა, გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება აუცილებლად მომავალი წლიდან. უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს აქვთ განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ. როგორც კი დასრულდება მეორე ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვას“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის განცხადებით, მმართველ პარტიას მაღალი რეიტინგი აქვს და უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება. ოპოზიციისგან კი შესაძლო პროვოკაციებს ელის.
„11 დღე არის ზუსტად დარჩენილი არჩევნებამდე და მაქსიმალური სიფრთხილე და სიფხიზლე არის საჭირო. ოპოზიცია ხედავს, რომ განწირულია მორიგი მარცხისთვის, მათი რეიტინგი არის ძალიან მძიმედ. დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60%-მდე რეიტინგი. ასეთ პირობებში, მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, პროვოკაციები არ არის გამორიცხული, ამიტომ განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოვიჩენთ იმისათვის, რომ აღვკვეთოთ ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია“, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა „ქართული ოცნების” იდეაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო ვადა „დაშვებული შეცდომების გამო” არ უნდა ამოწუროს.
„ჩვენ დავაგროვებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას იმიტომ, რომ 60%-იანი რეიტინგით თავისუფლად არის შესაძლებელი ასზე მეტი მანდატის მოპოვება. ჩვენ გვინდა, რომ მნიშვნელოვნად გადავცდეთ ას მანდატს, შესაბამისად, იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად რეალური. ეს არის არსებითად სიმბოლური აქტი, იმიტომ, რომ ერთ თვეში მაინც გაუვა სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა, თუმცა იმპიჩმენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა, რადგან არ შეიძლება ადამიანი, რომელიც უხეშად არღვევდა კონსტიტუციას, მიზანმიმართულად და შეგნებულად ჩადიოდა ქვეყნის ღალატს, იმპიჩმენტის გარეშე წავიდეს თანამდებობიდან. ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, მას ერთი თვით ადრე, ნაადრევად შეუწყდება უფლებამოსილება, სწორედ იმპიჩმენტის საფუძველზე. ჩვენ წინა იმპიჩმენტით ყველას დავანახეთ, რომ ერთადერთი, ვისი ხმებითაც რჩება თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილი, ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს რომ მას უკავია პრეზიდენტის თანამდებობა, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების დამსახურება. ახლა უკვე სხვა მოცემულობა იქნება. ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში ჩვენ ასზე მეტი ხმით თანამდებობიდან გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა პრემიერმა.
ალეკო გვეტაძე