მთავარიევროპალიეტუვა13 ოქტომბერს ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა

13 ოქტომბერს ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა

კვირას ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. პირველადი შედეგებით, მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია სოციალ-დემოკრატიულ და სხვა მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიებთან მარცხდება.

მემარჯვენე კოალიციის ეკონომიკურმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. ლიეტუვას მთლიანი შიდა პროდუქტის ორნიშნა ზრდა და ევროკავშირში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, თუმცა ამომრჩევლები ხელისუფლებით მაინც არ არიან კმაყოფილი.

კოვიდპანდემიის დროს მიღებულმა მკაცრმა ზომებმა და მიგრანტების რაოდენობის ზრდამ კონსერვატ პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს, რომელმაც თანამდებობა 2020 წელს დაიკავა, რეიტინგი დაწია.

მმართველ კოალიციას პანდემიის დროს გატარებული პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ. ამომრჩეველთა თქმით, ათასობით ადამიანს ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა არ ჰქონდა, ხოლო კარანტინის პერიოდში ხელისუფლებამ კერძო კომპანიებს შესაბამისი დახმარება არ გაუწია. ხელისუფლებას აკრიტიკებენ ბელარუსიდან მიგრანტების გაზრდილი რაოდენობის მიღების გამოც.

„არ ვფიქრობ, რომ არჩევნები ვინმეს ცხოვრებას სერიოზულად შეცვლის. ჩვენ ცხოვრების შეცვლა მხოლოდ საკუთარი თავისთვის შეგვიძლია, ჩვენს საკუთარ სახლში, ჩვენი ოჯახისთვის, რადგან არ მგონია, რომ პოლიტიკოსები ბევრს ცვლიან. რასაც ლიეტუვაში ხედავთ, ეს ყველაფერი ხალხის შექმნილია და არა პოლიტიკოსების. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, არჩევნებზე მოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლება ჯერ კიდევ ჩვენი ცხოვრების ნაწილია“, – აცხადებს ანდრიუს უზკალნისი, ამომრჩეველი.

2.4 მილიონმა ადამიანმა პარლამენტის 141 დეპუტატი უნდა აირჩიოს. არჩევნების პირველ ტურში 70 დეპუტატი პროპორციული პრინციპით, პარტიული სიებიდან აირჩევა. დანარჩენი 71 – მაჟორიტარულით.

„მე კარგი შედეგების მოლოდინი მაქვს, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის გამო. ეს ანგარიშები აჩვენებს, რომ ლიეტუველი ხალხის დიდ ნაწილს, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებლებს, ცვლილებები სურს. ხალხს სურს სახელმწიფომ ისე იმუშავოს, რომ სხვადასხვა საჯარო სერვისი მათთვის ხელმისაწვდომი იყოს“, – ამბობს ვილია ბლინკევიჩიუტე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი.

პირველადი შედეგებით, სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს, თუმცა საბოლოო მონაცემები დღეს, დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 27 ოქტომბერს გაიმართება.

იმ შემთხვევაში, თუ სოციალ-დემოკრატიული პარტია პირველ ადგილს დაიკავებს, ექსპერტების აზრით, ის კოალიციას სამ ან ოთხ მემარცხენე იდეოლოგიის მქონე პარტიასთან შეკრავს, თუმცა მემარჯვენე პოლიტიკიდან მემარცხენე პოლიტიკაზე გადასვლა ქვეყანას რადიკალურ ცვლილებებს არ მოუტანს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend