მთავარისაქართველობათუმის პარკი და ახალი მწვანე პროექტები

ბათუმის პარკი და ახალი მწვანე პროექტები

ეს ბათუმის შუაგულია, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია. დღეს აქ „სილქ დეველოპმენტის”, მთავრობისა და ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა საზოგადოებისათვის წარედგინათ ახალი  მუნიციპალური პარკის პროექტი, რომელიც აქ სულ მალე უნდა აშენდეს. პარკს „სილქ დეველოპმენტი” გააშენებს, პროექტი კი  ითვალისწინებს მწვანე დასასვენებელ სივრცეებს… სპორტულ ინფრასტრუქტურას, საფეხმავლო გზებსა და ველობილიკებს, პადელის კორტებს.

ეს პარკი იმ მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომელსაც „სილქ დეველოპმენტი” ამ ტერიტორიაზე გეგმავს და მას „სილქ თაუერსი” ჰქვია… ეს პროექტი პირველ ეტაპზე  მოიცავს ორი შენობის აგებასა და იახტკლუბის განვითარებას. ინვესტორი კომპანია აცხადებს, რომ ამ მასშტაბურ პროექტში ნახევარი მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. გეგმები კიდევ ბევრია.

„ინვესტიციის მოცულობა იქნება არა უმცირეს ნახევარი მილიარდი ამერიკული დოლარისა. ჩვენს ოფისში ძალიან ბევრი უცხოელი და ქართველი უკვე მუშაობს. დაუყოვნებლივ დავიწყებთ ამ პროექტს. ასევე გაგრძელდება მშენებლობა. ველოდებით უფლებების მიღებას. დიდი პროექტია – 450 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. ეს არის უმაღლესი ხარისხის სამშენებლო პროექტი მწვანე ფასადებით, მდგრადი ეკონომიკითა და განვითარებით. ეს არის Kengo Kuma-სა და მისი ჯგუფის მიერ გაკეთებული პროექტი. ის არის თანამედროვეობის უდიდესი არქიტექტორი, შესაბამისად, ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ასეთი ადამიანი და არქიტექტურული კომპანიაა ჩართული ამ პროექტში. ჩემი გათვლით, დასრულებას 4-5 წელი შეიძლება დასჭირდეს. მზად ვართ ფინანსურად და ასევე გვაქვს კეთილი ნება. არ ვუყურებთ არანაირ დროს, ჩვენ, „სილქ როუდ ჯგუფი“, ყოველთვის ვაკეთებთ ინვესტირებას ჩვენს ქვეყანაში. ეს ნამდვილად იქნება წარმატებული პროექტი, რომლითაც ჩვენ ყველანი ძალიან ვიამაყებთ“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა, „სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

დღევანდელ პრეზენტაციაზე არაერთხელ ითქვა ამ მასშტაბური პროექტის ეკონომიკური სარგებლის თაობაზე. ითქვა ისიც, რომ ეს პროექტი აჭარაში საერთაშორისო ვიზიტორებს  მოიზიდავს, მათ, ვისაც ბათუმში ძვირადღირებული მომსახურების მიღება შეუძლია, მუნიციპალური პარკი კი ყველა ტურისტისა და  ბათუმის მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

„ეს პროექტი არის კომპლექსური ძალიან მსხვილი პროექტის ნაწილი. მასში რამდენიმე მილიონის ინვესტიცია ჩაიდება. ეს დაპროექტებულია ძალიან ცნობილი იაპონური არქიტექტურული სტუდიის Kengo Kuma-ს მიერ, რომელიც აქცენტს აკეთებს მწვანესა და მდგრად არქიტექტურაზე. შესაბამისად, აქ მივიღებთ ღირებულ, ხარისხიან სივრცეებს, რომლებიც არ არის მხოლოდ ბათუმისთვის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ქვეყნისათვის იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი. ეს კი, ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმს, ასევე ქართულ ეკონომიკაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ვფიქრობ, რომ გამორჩეული ადგილი იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიან შავიზღვისპირეთში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„მინდა, მივულოცო ბათუმსა და ბათუმელებს ახალი სარეკრეაციო სივრცე და პარკი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადგილას ქალაქისთვის ახალი „ფილტვები“ გაჩნდება… ჩვენ ავაშენებთ ახალ ლანდშაფტურსა და სარეკრეაციო სივრცეს, სადაც დარწმუნებული ვარ, ბათუმელები და ქალაქის სტუმრები სასიამოვნო მოგონებებით წავლენ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

„აღნიშნული პროექტი იქნება მაღალი დონის, სერვისებით აღჭურვილი. მნიშვნელოვანია ითქვას, თუ რამდენად მაღალი დონის იქნება, რამდენ სანომრე ფონს შექმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორები და ლანდშაფტის დიზაინერები იღებენ ამ პროექტში მონაწილეობას. ეს კი, რა თქმა უნდა, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა“, –  განაცხადა მაია ომიაძემ, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

პროექტს გამოარჩევს ის, რომ მასზე მსოფლიოში განთქმული არქიტექტურული ბიუროები და დიზაინერები მუშაობენ. პარკის პროექტი ლანდშაფტის არქიტექტურის წამყვან დანიურ კომპანიას, Masu Planning-ს ეკუთვნის, „სილქ თაუერსის” პროექტი კი სახელგანთქმულმა იაპონურმა არქიტექტურულმა ფირმამ Kengo Kuma and Associates-მა  შექმნა, რომელიც ცნობილია ბუნებრივი გარემოსა და არქიტექტურის ჰარმონიული შერწყმის ფილოსოფიით. პროექტის განვითარებაში ასევე მონაწილეობას იღებენ სხვა საერთაშორისო და ქართული არქიტექტურული და საინჟინრო კომპანიები.

„სილქ თაუერსი” საერთო ჯამში 450 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიას დაფარავს, რომლის ნაწილიც იქნება მუნიციპალური პარკი. პარკი, რომელიც აქ მოეწყობა, ბათუმის მწვანე ზღვისპირა ზოლს უნდა შეერწყას და მალე, ეს ადგილი ალბათ ყველაზე საყვარელი დასასველებელი ადგილი გახდება ბათუმელებისთვის და მათთვის, ვინც შავი ზღვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალაქს ესტუმრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend