ისრაელი განაგრძობს საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას ლიბანში. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა 24 წლის შემდეგ პირველად ააფრიალეს ისრაელის დროშა ლიბანის სოფელ მარონ-ე-რასში.
ამასთან, ინტენსიურად იბომბება ბეირუთი. ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ ბეირუთზე მიტანილი ავიაიერიშის დროს მათ მოკლეს დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წევრი სუჰიელ ჰუსეინ ჰუსეინი, რომელიც ირანიდან იარაღის მიწოდებაზე იყო პასუხისმგებელი.
საჰაერო იერიშების სამიზნეა ჩრდილოეთი ისრაელიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანიდან ისრაელის ქალაქ ხაიფის მიმართულებით 85-ამდე რაკეტა გაუშვეს. ეს ლიბანში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იერიში იყო.
ისრაელი აცხადებს, რომ ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, სანამ ათიათასობით დევნილი ისრაელის მოქალაქე არ დაბრუნდება სახლში.
Prime Minister Benjamin Netanyahu, in a message to the people of Lebanon:
"You have an opportunity to save Lebanon before it falls into the abyss of a long war that will lead to destruction and suffering like we see in Gaza."https://t.co/s16fxeZtju pic.twitter.com/vdYnqyrdib
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) October 8, 2024
ამავდროულად ისრაელის პრემიერმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ლიბანელებს მოუწოდა დაამარცხონ “ჰეზბოლა”. მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოკლულია ,,ჰეზბოლას” ერთ-ერთი ლიდერი. “ჩვენ მოვკალით ჰასან ნასრალა, მისი შემცვლელი და შემცვლელის შემცვლელი”, – თქვა ნეთანიაჰუმ.
,,ქვეყანა, რომელმაც დაიპყრო ლიბანი, არ არის ისრაელი. ეს არის ირანი, რომელიც იყენებს ლიბანის ტერიტორიას და აფინანსებს „ჰეზბოლას“ და იარაღსაც აწვდის მას. ეს ირანის ინტერესებშია. „ჰეზბოლამ“ ლიბანი აქცია საბრძოლო მასალებისა და იარაღის საწყობად, ირანის სამხედრო ბაზად. ჩვენ შევამცირეთ „ჰეზბოლას“ შესაძლებლობები, გავანადგურეთ ათასობით ტერორისტი, მათ შორის თავად ნასრალას შემცვლელი და მისი შემცვლელის შემცვლელი . დღეს „ჰეზბოლა“ უფრო სუსტია, ვიდრე ადრე იყო. თქვენ, ლიბანელი ხალხი, მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე დგახართ. ახლა შეგიძლიათ, დაიბრუნოთ თქვენი ქვეყანა. ამას თუ არ გააკეთებთ, „ჰეზბოლა“ თქვენს ხარჯზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან გააგრძელებს ისრაელთან ბრძოლას. მოგიწოდებთ თქვენ, ლიბანელებს, გაათავისუფლეთ თქვენი ქვეყანა „ჰეზბოლასგან“, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საომარ მოქმედებებს 1300 -ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ისრაელის არმიის ინფორმაციით კი, თავდაცვის ძალების მიერ ლიბანში წამოწყებული სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ 450 მებრძოლი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი ჰასან ნასრალა და 30 სხვა მაღალჩინოსანი.
დამასკოზე საჰაერო თავდასხმას ადასტურებს სირიის თავდაცვის სამინისტროც, მათი თქმით, საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.
უწყების ცნობით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს კვლავ ეძებენ.
ლიბანი, რომელსაც ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით სირია ესაზღვრება, ლიბანის მოქალაქეებისთვის გახსნილია. 200,000 ზე მეტმა ლიბანელმა გადალახა სირიის საზღვარი, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გამო ლიბანიდან გაქცეული მოქალაქეები არც სირიაში არიან დაცული.
ავტორი: მარიამ ქობულია