მთავარისაქართველო„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო გარემოს შუალედური მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო გარემოს შუალედური მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გამართა ბრიფინგი, სადაც საზოგადოებას წინასაარჩევნო გარემოს შუალედური მონიტორინგის შედეგები გააცნო.

მედიასთან საუბრისას სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელმა ისაუბრა ოპოზიციურ პარტიებზე, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობაზე. მმართველი პარტიის წევრმა გივი მიქანაძემ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ე.წ. „ქარდები“ შეაფასა და განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯები არჩევნებში უცხოური ჩარევის მაგალითია. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ საქართველოში მოქმედი კონკრეტული ორგანიზაციები ოპოზიციური პარტიების კოორდინაციით მოქმედებენ და ნეგატიურ კამპანიას განზრახ წარმართავენ.

„პირველი ოქტომბრიდან დაწყებული აშშ-ის საელჩო თავის Facebook გვერდზე სისტემატურად ათავსებდა ე.წ. „ქარდებს“, რომელთა შინაარსიც კონტექსტიდან გამომდინარე პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და სახელისუფლებო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას ასახავდა.

4 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბილბორდებზე ასახული ინფორმაცია არის „სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი“.

პარალელურად გრძელდება ე.წ. მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მმართველი გუნდის საწინააღმდეგოდ განხორციელებული წინასაარჩევნო დარღვევების იგნორირება მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და განცხადებებში. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მიზანმიმართული კამპანია ამზადებს საზოგადოებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განწყობებს არჩევნების არასწორი შეფასებისთვის. ამის საპასუხოდ მმართველი გუნდი აგრძელებს მშვიდობიან წინასაარჩევნო კამპანიას და მუდმივ კომუნიკაციაშია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შუალედური მონიტორინგის შედეგები დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლებსაც გადაეგზავნებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend