საქართველოს პარლამენტის კომიტეტების უმრავლესობამ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია უკვე განიხილა. თუმცა ეს ვერსია შესაძლოა კიდევ ბევრჯერ შეიცვალოს. მაგალითად, უკვე ცნობილია, რომ დოკუმენტი პენსიების ნაწილში დაკორექტირდება. ჯერ კიდევ გუშინ, 7 ოქტომბერს, ბიუჯეტით 70 წლამდე პენსიონერებისთვის ოცლარიანი მატება იყო განსაზღვრული. „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციამ კი რაღაცები შეცვალა. აღმოჩნდა, რომ დღევანდელი მმართველი პარტია გამარჯვების შემთხვევაში ამ ასაკის პენსიონერებისთვისაც 35 ლარის მომატებას გეგმავს, ისევე როგორც 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, ანუ ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტის განახლება და დამატებით ფულის გამონახვა მოუწევს.
ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს: „ინდექსაციის ფორმულით სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერებს სხვადასხვანაირად ეზრდებათ პენსია, თუმცა ახალი ინიციატივით, 2025 წელს ყველას ერთნაირად გაეზრდება, რაც დამატებით დაახლოებით 120 მილიონის რესურსის საჭიროებას ნიშნავს“.
დღესდღეობით პენსიის შესახებ კანონით განსაზღვრულია ინდექსაციის ფორმულა, რომლის მიხედვითაც, პენსიონერებს პენსია ყოველწლიურად ეზრდებათ. კანონის მეშვიდე მუხლის მიხედვით, 70 წლამდე პენსიონერების წლიური დანამატი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით ითვლება და არ უნდა იყოს 20 ლარზე ნაკლები. „ქართული ოცნების“ პროგრამით გათვალისწინებული ცვლილებების გამო კი შესაძლოა კანონის შეცვლა გახდეს საჭირო.
TI-ის უფროსი მკვლევარი ბესო ნამჩავაძე ამბობს: „თავისივე (ხელისუფლების) დაწერილი კანონი მათ არ აძლევთ საშუალებას, რომ თუ არ არის მაღალი ინფლაცია, პენსია გაზარდონ 35 ლარით. მათ კანონში ცვლილება უნდა შეიტანონ, რომ ეს მოახერხონ. ბუნებრივია, ეს მაინც არაფერს არ ცვლის, 20-35 ლარით პენსიის ზრდა ვერ გააუმჯობესებს პენსიონერის მდგომარეობას“.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებსაც შეიტანენ.
ეკონომისტების თქმით, ახალი, 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია ყველაზე მეტად წინა წლებისგან იმით განსხვავდება, რომ უცხოური გრანტების მოცულობა დაბალია, მეტიც, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცოტაა. ეს ფული ძირითადად სოფლის მეურნეობის განვითარებას, საჯარო მმართველობის რეფორმებსა და რეგიონული განვითარების სერვისებს ხმარდებოდა. თუმცა ეკონომისტები ასევე ამბობენ, რომ ბიუჯეტში ასახული ეს დანაკლისი სათანადოდ არ ასახავს იმას, თუ რამდენი უცხოური გრანტი დააკლდა ქვეყანას, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტში არ ირიცხებოდა, მაგრამ მთავრობის პროექტებს ხმარდებოდა.
დამოუკიდებელი დეპუტატი, რომან გოცირიძე ამბობს: „ამერიკის 98 მილიონი დოლარი შეჩერდა, ასევე დანიის გრანტი 48 მილიონი კრონა, 36 მილიონი ევრო ევროკავშირის – შეჩერდა გრანტები. ამ ბიუჯეტშიც გრანტები განახევრებულია, მაგრამ ეს მხოლოდ წინა სასანქციო პერიოდია, ეს პრელუდიაა”.
2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დამტკიცდეს, თუმცა საბოლოო ვარიანტი ნოემბრის ბოლოს უკვე მზად უნდა იყოს. მანამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, ეს საკომიტეტო მუშაობასა და ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების სცენარზეა დამოკიდებული.
ავტორი: სოფო მაქაცარია