მთავარიაზიალიბანილიბანში თვითმფრინავით 40 ტონა სამედიცინო დახმარება ჩაიტანეს

ლიბანში თვითმფრინავით 40 ტონა სამედიცინო დახმარება ჩაიტანეს

ლიბანში სამედიცინო დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი დაეშვა.

თვითმფრინავი, რომელსაც 40 ტონა სამედიცინო დახმარება გადაჰქონდა, ბეირუთში დღეს ჩავიდა, მაშინ, როცა ისრაელმა ლიბანში გააფართოვა სახმელეთო ოპერაცია „ჰეზბოლას” წინააღმდეგ.

აეროპორტში მარაგების მიღებას თავად ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დოქტორი ფირას აბიადი დაესწრო.

„ჩვენ ახლა აეროპორტში ვიმყოფებით, სადაც სამედიცინო ტვირთი უნდა მივიღოთ. ეს ყველაფერი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული, რომლებსაც მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერს. ტვირთი 40 ტონა სამედიცინო მარაგს შეიცავს, ძირითადად, პირველადი დახმარებისა და მოტეხილობების სამკურნალო წამლებს. ეს სამედიცინო მარაგი ჩვენს საავადმყოფოებს ძალიან წაადგება, რადგან სწორედ ისინი იღებენ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაშავებულ პირებს“, – ამბობს ფირას აბიადი, ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ლიბანის მთავრობას აწვდის დახმარებას, რომელიც მათ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გადასცა.

„ამ სამედიცინო დახმარების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არის ის პირველადი დახმარების წამლები, რაც დაშავებულებს გამოადგებათ. ჩვენ არ გავჩერდებით და ვეცდებით კრიზისში მყოფ ლიბანის მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი სამედიცინო დახმარება ჩამოვუტანოთ”, – ამბობს ივო ფრეისენი, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელი ლიბანში.

„ჩვენი, როგორც გაეროს მოვალეობაა, რომ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროსა და საავადმყოფოებს ამ კრიტიკულ სიტუაციაში დავეხმაროთ, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენაში. გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ საავადმყოფოებში მისული დაჭრილები და დაშავებულები მაინც გადარჩებიან და შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ მათ. როგორც მოგეხსენებათ, თითქმის ყველა აქტიური საავადმყოფო გადავსებულია დაჭრილებით და ვეცდებით, რომ ყველა მოვამარაგოთ წამლებით“, – ამბობს აბდინასირ აბუბაქარი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ლიბანში.

ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას” წინააღმდეგ სამშაბათს დაიწყო სახმელეთო ოპერაცია. ისრაელისა და „ჰეზბოლას” დაპირისპირება ლიბანის საზღვართან მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელსა და „ჰამასს” შორის ომი დაიწყო.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ წელს, უმეტესად სექტემბრის შემდგომ, ლიბანში 2000-ამდე პირი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend