დღე, რომელმაც მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის ყველაფერი შეცვალა 7 ოქტომბერი იყო. 2023 წელს, სწორედ ამ დღეს „ჰამასის“ ტერორისტები ისრაელში შეიჭრნენ, დახოცეს და გაიტაცეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.
განსაკუთრებით მძიმეა ამ დღის გახსენება მათთვის, ვინც ტერორისტულ თავდასხმებს გადაურჩა.
ახლა ისინი იხსენებენ, როგორ მოახერხეს გადარჩენა მაშინ, როცა „ჰამასის“ ტერორისტები იტაცებდნენ და ხოცავდნენ მათი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
ზივ აბუდი იმ მოქალაქეებს შორის იყო, რომელიც ღაზის სექტორთან ახლოს მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა.
„რვა ყუმბარა აფეთქდა, მაგრამ ისრაელის თავდაცვითი ძალების ჯარისკაცმა, ნირ შაპირამ მოახერხა ყუმბარები ბუნკერიდან გაეტანა. მეცხრე ყუმბარა ბუნკერში აფეთქდა და შაპირა იმსხვერპლა. მასთან ერთად სხვებიც იყვნენ. ბუნკერში მყოფთაგან ნახევარი პირველი თავდასხმის დროს დახოცეს, ქაოსსა და არეულობაში. შემდეგ ტერორისტები ოთახში შემოვიდნენ და ოთხი ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის ჩემი შეყვარებულიც“, – ამბობს ზივ აბუდი, ერთ-ერთი გადარჩენილი და გატაცებულის შეყვარებული.
ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე, ეილატ შალევი ამბობს, რომ 4 საათის განმავლობაში იტყუებოდა თითქოს გარდაცვლილი იყო. მისი ქმარი ტერორისტებმა მოკლეს.
„გავიქეცი და ჩავჯექი იმ დიდ ფურგონში, რომლითაც ფესტივალზე მოგვიყვანეს. ფურგონში ბევრნი ვიყავით, ადგილი აღარ იყო. ტერორისტებმა ფურგონს სროლა დაუწყეს, კარი გავაღე და გავიქეცი, ბუჩქები დავინახე და მათ შორის დავიმალე“, – ამბობს ეილატ შალევი.
კიდევ უფრო მძიმე იყო ტყვეობა ღაზის სექტორში. ამ ტყვეობიდან ბევრი არ დაბრუნებულა. ლიატ ატზილს შედარებით გაუმართლა.
„ძალიან რთული დღეები იყო. მძევლად ამიყვანეს, დავკარგე სახლი, დავკარგე ქმარი, თუმცა ეს მხოლოდ ორი თვის შემდეგ გავიგე. ყველაფერი ერთდროულად ძალიან მძიმედ გადასატანი იყო. ვფიქრობ, არავინ ელოდა რომ ომი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, არავინ ელოდა რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები. ძალიან დამთრგუნველი იყო“, – ამბობს ლიატ ატზილი.
7 ოქტომბრის თავდასხმიდან ერთი წლის თავზე ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო კონფლიქტი გრძელდება და ბევრი შიშობს, რომ ეს კონფლიქტი შესაძლოა, დიდ რეგიონულ ომში გადაიზარდოს.