მთავარიაზიალიბანიისრაელმა ბეირუთის ცენტრალურ რაიონებზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა ბეირუთის ცენტრალურ რაიონებზე საჰაერო იერიში მიიტანა

კვირას ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰეზბოლას სულ მცირე სამი მეთაური მოკლეს. მათ შორის, ნაბილ ქაოუკი – „ჰეზბოლას“ ცენტრალური საბჭოს მეთაური.

ისრაელის თავდაცვის ძალებში თქვეს, რომ „ჰეზბოლას” ოცზე მეტი სხვადასხვა რანგის მეთაური იმყოფებოდა სამხრეთ ბეირუთში, მიწისქვეშა შტაბში, სადაც პარასკევს საჰაერო იერიში მიიტანეს და მოკლეს „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა.

ამ ოპერაციის შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ცნობილი გახდა კვირას, დადასტურდა იბრაჰიმ ჰუსეინ ჯაზინის მკვლელობა, რომელიც ნასრალას უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მასთან დაახლოებული პირი იყო.

ჰასან ნასრალა უკვე რამდენიმე ათწლეულია ხელმძღვანელობს „ჰეზბოლას“, ირანის მიერ მართულ ჰუსიტთა სამხედრო დაჯგუფებას.

მისმა მკვლელობამ რეგიონში აღშფოთება გამოიწვია. საპროტესტო აქციები დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც რეგიონში, ისე მის მიღმა.

პაკისტანის ისლამური მოძრაობის, „ჯამაატ ისლამის“ წევრებმა ქალაქ ყარაჩიში აშშ-ის საელჩოსკენ დემონსტრაცია გამართეს, დაიკავეს ქუჩები და პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.

ისრაელის მხრიდან ლიბანზე თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება.

ორშაბათს გამთენიიას თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს დედაქალაქ ბეირუთის ცენტრალურ რეგიონებზე. იზრდება მსხვერპლიც.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მხოლოდ კვირას ისრაელის მიერ ლიბანში მიტანილ საჰაერო იერიშებს სულ მცირე 105 ადამიანი შეეწირა, ხოლო 359 დაშავდა.

გაეროს ანგარიშში წერია, რომ მიმდინარე დაპირისპირების გამო სამხრეთ ლიბანიდან 211 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

ამ მოვლენების შესაძლო ესკალაციის გამო კი ისრაელის არმიამ ლიბანის საზღვართან მობილიზაცია დაიწყო, რაც აჩენს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ლიბანში სახმელეთო ოპერაცია იგეგმება.

მოვლენების ამგვარ განვითარებას კი შესაძლოა მოჰყვეს ომში რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვაც. ამის დასტურია ირანის პრეზიდენტის განცხადება.

მასუდ პეზეშკიანმა სიენენთან ინტერვიუში თქვა, რომ რეგიონის ისლამური სახელმწიფოები ერთად უნდა შეეწინააღმდეგონ ისრაელის ბოლოდროინდელ თავდასხმებს ჰეზბოლაზე, რადგან კბილებამდე შეიარაღებულ ქვეყანას ჰეზბოლა დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება.

ამ ფონზე კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოულოდნელად შეწყვიტა აშშ-ში ვიზიტი და ისრაელში დაბრუნდა.

ის ამბობს, რომ ისრაელის სპეცოპერაცია ჰეზბოლას წინააღმდეგ გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend