ლიბანში დრამატული სიტუაციაა. სულ უფრო იზრდება სამხედრო ესკალაციის საფრთხე. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი ფირას აბიადი ამბობს, რომ ლიბანელ ხალხს მშვიდობა სურს.
განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ლიბანელმა მინისტრებმა მთავრობაში უნდა ეძიონ გამოსავალი, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ომი შეწყდეს. როგორც ცნობილია, მთავრობაში „ჰეზბოლას“ ორი მინისტრია.
როგორც ფირას აბიადი ამბობს, „ჰეზბოლამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ თუკი ღაზაში შეწყდება საბრძოლო მოქმედებები, ისინიც შეჩერდებიან. აბიადის აზრით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ერთგვარი ინსტრუმენტი იქნება, რომ არასახელმწიფო აქტორებს თავიანთი ქმედებების გამართლების მიზეზი არ ჰქონდეთ. იგი გულისხმობს არასახელმწიფო აქტორებს ლიბანში, ერაყში, იემენსა თუ სხვაგან.
„ჰეზბოლას“ გარდა, სხვა არასახელმწიფო აქტორები არიან „ჰამასი“, ჰუსიტები და ირანის მარიონეტები ერაყში. გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით, ლიბანის მთავრობას ქვეყნის სამხრეთში 2006 წლიდან უნდა განეიარაღებინა „ჰეზბოლა“.
ფირას აბიადი დასძენს, რომ რეზოლუციაში (ნომერი 1701) საუბარია ისრაელის დანაშაულზეც. მისი თქმით, ისრაელი განაგრძობს ლიბანის გარკვეული ტერიტორიის ოკუპაციას, მათი სამხედრო თვითმფრინავები არღვევენ ლიბანის საჰაერო სივრცეს და მიაქვთ ავიაიერიში.
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. https://t.co/SMgatXjZoc
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) September 26, 2024
თავდასხმებმა მშვიდობიან მოსახლეობაში უამრავი მსხვერპლი გამოიწვია, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილსა და ბექაას ხეობაში, სადაც, როგორც ამბობენ, „ჰეზბოლას“ თავშესაფრები და სამალავებია მოწყობილი. თავდასხმების შედეგად არა მარტო სამხედრო ობიექტები, არამედ მთლიანად სოფლები ნადგურდება.
ფირას აბიადის თქმით, ლიბანში ისედაც მძიმე მდგომარეობაა. მათ ფინანსური კრიზისი აქვთ. ქვეყანაში დიდი რაოდენობით ლტოლვილია შემოსული, დაახლოებით მილიონ-ნახევარი, ლიბანის მოსახლეობის თითქმის მესამედი. ამ ომმა, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს, დიდი წნეხის ქვეშ მოაქცია მათი სისტემა.
ქვეყნის სამხრეთიდან და ბექაას ხეობიდან ათასობით ადამიანი ტოვებს თავის სახლებს და თავშესაფარს ქვეყნის ჩრდილოეთში, ბეირუთის პროვინციაში, ეძებს.