მთავარისაქართველო„ამ ეტაპზე „ლელოსთან“ შეთანხმება ვერ შედგა“ - „გახარია საქართველოსთვის“

„ამ ეტაპზე „ლელოსთან“ შეთანხმება ვერ შედგა“ – „გახარია საქართველოსთვის“

გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამის შესახებ ცნობილი გახდა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებული განცხადებიდან.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. გახარიას გუნდმა გასული დღეების განმავლობაში დისკუსიების წარმართვისთვის მამუკა ხაზარაძესა და მის კოალიციას მადლობა გადაუხადეს, ხოლო მიუღწეველი შეთანხმება „კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად შეზღუდული საარჩევნო დროით“ ახსნეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი პოლიტიკური მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებაა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების გარეშე, ასევე ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და პოლარიზაციის დასრულებაა.

„მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩართული ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიაში. ასევე, მადლობას ვუხდით „ლელოს“ დისკუსიაში მონაწილეობისთვის.
ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე რაიმე სახის პარტიული ან/და პერსონალური ინტერესი.

ასე იყო წარსულში – ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეა დღეს – ოპოზიციაში, ასე იქნება მომავალში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია. საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
ჩვენსა და „ლელოს” შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ჩვენი პოლიტიკური მიზანია „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების გარეშე, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და პოლარიზაციის დასრულება“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend