მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების ახალი გუნდი წარადგინა

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების ახალი გუნდი წარადგინა

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების ახალი გუნდი წარადგინა. ისინი თანამდებობას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებენ. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და გუნდის წევრები, რომლებიც მან შეარჩია, ეფექტურად გაუმკლავდებიან ამ საკითხებს. ურსულას გადაწყვეტილებამ სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია ევროპარლამენტარებსა და ევროკომისრებს შორის.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ავსტრიელ ევროკომისარს, მაგნუს ბრუნერს, საშინაო უსაფრთხოებისა და მიგრაციის პორტფოლიო გადასცა. მანამდე ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში ავსტრია ამხილეს გაძლიერებული სასაზღვრო კონტროლის ვადის უკანონოდ გაგრძელებაში. პრობლემას ისიც ქმნის, რომ ბრუნერს მხოლოდ ფინანსურ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

განსაკუთრებული ვნებათაღელვა მოჰყვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტად იტალიელი რადიკალი მემარჯვენე პოლიტიკოსის, რაფაელ ფიტოს, დანიშვნას. ევროკომისრები და ევროპარლამენტარები გმობენ ფონ დერ ლაიენის ამ ნაბიჯს და აცხადებენ, რომ წამყვან პოზიციაზე მსგავსი ადამიანების დანიშვნა საფრთხეს უქმნის მათს პოლიტიკურ ორიენტაციას.

„პირველად ისტორიაში ევროკომისიას რადიკალი მემარჯვენე ვიცე-პრეზიდენტი რაფაელ ფიტო ჰყავს. პირველად ჩვენს ევროპულ აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობაში რადიკალი მემარჯვენე ეყოლება. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცას ამბობს ევროკომისიის დღევანდელ პოლიტიკურ ორიენტაციაზე. აღარაფერს ვიტყვი რაფაელ ფიტოზე, რომელიც ბრალდებული იყო კორუფციაში და გამოირჩეოდა ჰომოფობიური განცხადებებით. ეს არის ევროკომისიის არჩეული გზა?“ – ამბობს ფრანგი ევროპარლამენტარი მანონ ობრი.

უკმაყოფილება გამოთქვა უნგრეთმაც, რომლის წარდგენილი ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სამეზობლოსა და გაფართოების პოლიტიკის პორტფოლიოზე მუშაობდა, თუმცა ახლა ჯანმრთელობისა და ცხოველთა კეთილდღეობის პორტფოლიოს მიიღებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა დიდი ყურადღება მიაქცია ქალების რაოდენობას ევროკომისრებს შორის. მან 11 ქალი კანდიდატი წარადგინა, რითაც ქალები 40%-ს ქმნიან.

„როგორც ხედავთ, ჩვენ 11 ქალი კანდიდატი გვყავს, რომლებსაც მე დღეს წარვადგენ. მათი წილი იქნება 40%. როდესაც წარდგენილი კანდიდატურების თავდაპირველ ვერსიას გადავხედე, ქალების წილი მხოლოდ 22% იყო, ხოლო კაცების – 78%. ეს იყო სრულიად მიუღებელი. მე აქტიურად ვიმუშავე წევრ ქვეყნებთან და მოვახერხეთ, რომ ქალების წილი 40% ყოფილიყო, ხოლო კაცების – 60%. ეს რიცხვები აჩვენებს, თუ რამდენს მივაღწიეთ, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია“, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ფონ დერ ლაიენის წარდგენილი კანდიდატებიდან 26 ევროპარლამენტის თანხმობას საჭიროებს და შესაძლოა, რომ რამდენიმემ წარსული დაპირისპირებებისა და კომპეტენციის ნაკლებობის გამო ევროპარლამენტის უარი მიიღოს. მიუხედავად ამისა, ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებას არ ცვლის და გეგმავს, რომ ევროკომისიის ეფექტურობის გასაზრდელად სხვა ცვლილებებიც შეიტანოს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend