16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა მედიასთან ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე მან საქართველოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. მისი თქმით, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შედეგად, აშშ სანქციებს დააკისრებს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ძალადობრივ-ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერებს. სანქცირებულთა სიაში საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური არიან.
მილერი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება იმ დემოკრატიულ გზას, რომლისკენაც ქართველი ხალხი ასე მიისწრაფვის. გარდა სახელმწიფოს ოფიციალური პირებისა, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ „ალტ-ინფოს“ წევრები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც განცხადების თანახმად, მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. სანქცირებულებს შორის არიან მაღალი თანამდებობის პირები მთავრობასა და მუნიციპალიტეტებში, ბიზნესების ხელმძღვანელები, დეზინფორმაციის გამავრცელებლები, ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობები, სამართალდამცველები და პარლამენტის წევრები.
„აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული პოლიტიკით, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებთან შეუთავსებელია.
ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ძალადობრივად დაარბია საქართველოს მთავრობამ იმ მოქალაქეთა დემონსტრაციები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგოდ იმართებოდა.
აგრეთვე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გარდა, დამატებით ჩვენ ვნახეთ, როგორ ძალადობრივად სჯიდა საქართველოს მთავრობა იმ მოქალაქეებს, რომლებიც კანონს აპროტესტებდნენ.
დღეს ხელისუფლების ორ წარმომადგენელსა და ძალადობრივ-ექსტრემისტული ჯგუფის ორ ლიდერს აშშ სანქციებს დააკისრებს. ამასთან ერთად, სავიზო შეზღუდვები დაუწესდება 60-ზე მეტ პირს, რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, მონაწილეობდნენ ანტიდემოკრატიულ პროცესებსა და კორუფციულ მოქმედებებში.
აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შედეგია ეს სანქციები, რომელიც განპირობებულია საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული კურსიდან გადახვევით და მთავრობის ლიდერების მხრიდან ცრუ განცხადებებით, რომლებიც საპირისპიროა აშშ-საქართველოს გრძელვადიანი პარტნიორობის სულისკვეთების. საქართველოს მთავრობას შეუძლია დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ კურსს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონის გაწვევითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულებაში აშკარა და გაზომვადი პროგრესის ჩვენებით.
აშშ 32 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო. ჩვენი დახმარება მიმართული იყო, რომ საქართველო გამხდარიყო უფრო ძლიერი, უფრო წარმატებული და უფრო თავდაცვისუნარიანი ქვეყანა, რომელსაც შეეძლებოდა დაეცვა საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება იმ გზას, რომლისკენაც ქართველი ხალხი ასე მიისწრაფვის.
მე მარტივად ვიტყოდი, საქართველომ ბოდიში არ უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ რუსეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრა და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის არალეგალურად ოკუპაციას. საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრისა და მისი ტერიტორიის ოკუპაციისთვის აგრესორი რუსეთია ისევე, როგორც ის არის აგრესორი რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რა თქმა უნდა, უკრაინა ამის ყველაზე ცალსახა მაგალითია“.