3 წლის ბორდერ კოლი სახელად ფლოკი რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროზე ყველას ყურადღებას იპყრობს. იგი ფუტნეტის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, ამბობენ, რომ ბევრ ადამიანსაც ჯობს.
ფუტნეტის, ანუ ფრენბურთისა და ფეხბურთის ჰიბრიდი, სპორტის წესები არსებითად იგივეა, რაც პლაჟის ფრენბურთში, თუმცა ოდნავ დაბალი ბადით. ხოლო მოთამაშეებს ხელებითა და მკლავებით ბურთთან შეხება ეკრძალებათ.
ფლოკი ბრაზილიაში ინტერნეტსენსაციად იქცა და ათასობით გამომწერი ჰყავს „ინსტაგრამსა” და „ტიკტოკზე”.
მისი მეპატრონე გუსტავო როდრიგესი თავად ფუტნეტის მწვრთნელია, მაგრამ ირწმუნება, რომ ფლოკის წარმატება მის გეგმებში არ ყოფილა. თუმცა ამბობს, რომ ფლოკიმ საკუთარი პოტენციალი ადრეულ ასაკში, ჯერ კიდევ ორი თვისამ, გამოავლინა, როდესაც დაბადების დღის ბუშტებს ხტუნვით მისდევდა.
რაც შეეხება ფლოკის დებიუტს, ბევრად უფრო რთულ და კონკურენტულ სპორტის სახეობაში, ფუტნეტში, ეს გასულ წელს შედგა.
სპორტი გამძლეობას, სისწრაფეს, კოორდინაციასა და მოქნილობას მოითხოვს. ფლოკის კი ეს ყველაფერი ბუნებრივად გამოსდის.
„ხანდახან ფლოკი აკეთებს იმას, რაც პროფესიონალებსაც არ შეუძლიათ. ვგულისხმობ კორტზე პოზიციის დაკავებას. ხანდახან ბურთი კორტის ერთი მხრიდან მეორეში ვარდება და ფლოკი ყოველთვის პირისპირ ხვდება ბურთს, ბევრი მოთამაშე, მათ შორის პროფესიონალებიც, ბურთს გვერდულად ხვდებიან. ამ ყველაფრის გამოა, რომ იგი ინსტაგრამზე ასეთი პოპულარულია. ოსტატობის თვალსაზრისით იგი ფრიადოსანია“, – განაცხადა გუსტავო როდრიგესმა, ფლოკის მეპატრონემ და ფუტნეტის მწვრთნელმა.
„სოციალურ მედიაში რომ ვიხილე, ვიფიქრე, რომ მხოლოდ საუკეთესო კადრები იყო შერჩეული. თუმცა როდესაც ცხოვრებაში ვუყურე მის თამაშს, ვნახე, რომ იგი ნამდვილად ძალიან მაგარია“, – ამბობს ტურისტი ლუიზა ჩიოლი.
სოციალურ მედიაში ფლოკის გამომწერების ზრდასთან ერთად იზრდება მისი სპონსორების რაოდენობაც.
როდრიგესი და ფლოკი ბრაზილიის დედაქალაქში ცხოვრობენ, თუმცა ხშირად დადიან რიოშიც, ე.წ. ფუტნეტის მექაშიც, სადაც ფლოკის შეუძლია ხალხის წინაშე საკუთარი უნარები წარმოაჩინოს და სოციალური მედიისთვის შექმნილი ახალი ვიდეო თუ ფოტომასალებით გამომწერები გაახალისოს.