მთავარიევროპამოლდოვაბალტიისპირეთის სამი ქვეყნის პრეზიდენტმა მოლდოვის მხარდაჭერის დეკლარაციას მოაწერა ხელი

ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის პრეზიდენტმა მოლდოვის მხარდაჭერის დეკლარაციას მოაწერა ხელი

ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის პრეზიდენტმა სამშაბათს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების საერთო მხარდაჭერის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა კიშინიოვში ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი და ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი მიიღო.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ნატოს მსგავსი სამხედრო ალიანსი არ არის, მოლდოვისთვის ბლოკში გაწევრება ერთგვარი გარანტია რუსული გავლენებისგან თავდასაცავად.

„მოლდოვამ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა ხელიდან რამდენჯერმე გაუშვა, თუმცა ახლა ჩვენ გვაქვს შანსი შევასრულოთ ჩვენი ქვეყნის მიზანი – მოლდოვა მოემზადება, რომ  2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რესიანმა.

სამი ქვეყნის ლიდერის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას წინ ხანგრძლივი პროცესი ელის, რათა ქვეყანაში არსებულმა კანონებმა ბლოკის სტანდარტები დააკმაყოფილოს. მათ შორის, მოლდოვას რეფორმების გატარება მოუწევს კანონის უზენაესობისა და სხვა დემოკრატიული პრინციპების გაძლიერების მიზნით.

„დღეს აქ ვარ, რომ კიდევ ერთხელ დავადასტურო ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციისადმი. მოლდოვა ევროპული ერია და მისი კანონიერი ადგილი ევროკავშირის ოჯახშია. მიუხედავად ყველა გამოწვევისა და დაბრკოლებისა, მოლდოვას ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი რჩება“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

სიტყვით გამოსვლისას ესტონეთის პრეზიდენტმა ის გზა, რომელსაც მოლდოვა ევროკავშირში გაწევრებისკენ გადის, ესტონეთის ისტორიას შეადარა.

„მოლდოვა გზაჯვარედინზე იმყოფება. მდგომარეობა, რომელიც ჩვენთვის ძალიან ნაცნობია. ჩვენთან მხარს ორივე მიმართულებას უჭერდნენ. საბოლოოდ, კი ერთი მიმართულება იყო ნათელი გზა გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ. ჩვენ ვიცით, რომ ევროპული ოჯახის წევრობა მხოლოდ სწორი არჩევანი კი არა, არამედ ეს საუკეთესო არჩევანი იყო”, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა.

„მჯერა, რომ ოქტომბრის რეფერენდუმზე თქვენი გადაწყვეტილება გზის დასაწყისია, მაგრამ იცოდეთ, რომ ამ გზაზე თქვენთან ერთად იქნებიან მეგობრები, რომლებიც მოგეხმარებიან, რომლებიც დახმარებას გამოგიგზავნიან. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მოლდოვა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი უფრო ადრე გახდება, ვიდრე მოსალოდნელია“, – ამბობს ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend