სკანდინავიურმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს უნგრეთის გადაწყვეტილების გამო, რომელიც ამარტივებს ქვეყანაში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების შესვლას. ისინი აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები მოჰყვეს.
ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების თქმით, შენგენის ზონა ნდობაზეა დაფუძნებული და თუ ეს ნდობა გაქრება, ბალანსის აღდგენის სხვა გზების მოძებნა მოუწევთ. თუმცა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, შანდორ პინტერის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ე.წ. ეროვნული ბარათების სქემა გაიცემა ევროკავშირის რეგულაციებისა და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით.
გასული თვის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც უნგრეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდა, ბუდაპეშტმა გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია ე.წ. ეროვნული ბარათის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ვიზების მიღების ახალ, დაჩქარებულ სისტემას რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის. ისინი შეძლებენ, უნგრეთში შესვლას უსაფრთხოების შემოწმებისა და სხვა შეზღუდვების გარეშე.
ბუდაპეშტში განაცხადეს, რომ ბევრი მათგანი ჩართული იქნება ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც რუსეთის “როსატომთან” არის კონტრაქტით დაკავშირებული. ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს, რადგან ამან შესაძლოა, კარი გაუღოს ჯაშუშებსა და დივერსანტებს.
In a letter sent by minister of interior @YlvaJohansson was informed: the same migration and security screenings as for other residence permits are carried out when the application for the National Card of Russian and Belarus citizens is evaluated. 1/3 pic.twitter.com/IFDk8onX7y
— Bóka János (@JanosBoka_HU) August 21, 2024
პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ღია წერილში, ევროპის კავშირის საშინაო საქმეთა კომისარმა, ილვა იოჰანსონმა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, შანდრო პინტერს მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ რუსეთი ევროპის კავშირის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და, რომ საჭიროა “მეტი და არა ნაკლები სიფხიზლე”.