მთავარისაქართველოHuman Rights Watch-ის ახალი ანგარიში საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების შესახებ

Human Rights Watch-ის ახალი ანგარიში საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების შესახებ

Human Rights Watch-მა წარადგინა ახალი ანგარიში, რომელშიც შესწავლილია საქართველოში ბოლო თვეებში სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე თავდასხმები.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ქართულმა სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა აჩვენონ, რომ ნამდვილად ატარებენ ეფექტიან გამოძიებას.

ანგარიშში ამბობენ, რომ თავდასხმათა დაუსჯელობამ შეიძლება წაახალისოს შემდგომი პოლიტიკური ძალადობა, ხოლო ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა უარყოფით გავლენას მოახდენს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

Human Rights Watch-ის ანგარიშში სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე თავდასხმების ექვსი საქმეა გაანალიზებული. კვლევის მიხედვით, ყველა შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ ეს საქმეები ამ დრომდე გამოუძიებელია.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სწრაფად, საფუძვლიანად და ეფექტიანად გამოიძიოს თავდასხმები, პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მისცეს და საჯაროდ და ცალსახად დაგმოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შემთხვევები.

„ხელისუფლების კრიტიკოსებზე თავდასხმები, რომლებიც დაუსჯელი რჩება, მიანიშნებს, რომ ხელისუფლება თვალს ხუჭავს პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მათ ინტერესებს ემსახურება. ხელისუფლებას შეუძლია შეცვალოს ეს ვითარება სწრაფი, საფუძვლიანი და ეფექტიანი გამოძიებით და მოახდინოს თავდამსხმელების იდენტიფიცირება.

აქტივისტების, დამოუკიდებელი მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების შევიწროებისა და დაშინების მაგალითები თუ დაუსჯელი დარჩება, ეს ქმნის იმის საფრთხეს, რომ ძალადობა წახალისდება, განსაკუთრებით კი, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე“, – განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ თავდასხმათა უმრავლესობა მცირე ჯგუფების მიერ საჯარო ადგილებში იყო მოწყობილი. იქ, სადაც სათვალთვალო კამერებიც იყო. Human Rights Watch-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ხშირ შემთხვევაში ოფიციალურად დაიწყო გამოძიება, მათ არ დაუდგენიათ დამნაშავეთა ვინაობები და არც დაუკავებიათ ისინი.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მათ მიერ შესწავლილ პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმების გამოძიებისას იკვეთება შემაშფოთებელი ნიშნები იმისა, რომ სამართალდამცველი ორგანოები არ იღებენ აუცილებელ საგამოძიებო ზომებს პასუხისმგებელ პირთა დაკავებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend