კოორდინირებული კომუნიკაცია, ერთობლივი წვრთნები და ახალი ტექნიკური აღჭურვილობა უკვე საშუალებას აძლევს ორ სამხრეთ ევროპულ ქვეყანას – ესპანეთსა და პორტუგალიას – ერთად ებრძოლოს სტიქიურ უბედურებას, თუკი ის მოულოდნელად დაატყდებათ თავს.
კლიმატის ცვლილების გამო სტიქიური უბედურებები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე გახშირდა და გაძლიერდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ტყის ხანძრებმა ესპანეთსა და პორტუგალიაში თითქმის ერთი მილიონი ჰექტარი გაანადგურა. ამიტომ ახლა ეს ორი ქვეყანა ერთიანი ძალით აპირებს, გაუმკლავდეს სტიქიის შემოტევას.
2022 წელს სრულიად მოულოდნელად გაჩენილმა ტყის მძვინვარე ხანძარმა, რომელიც მეხის ჩამივარდნის შედეგად გაჩნდა, ესპანეთში სალამანკის საზღვრისპირა ზონა მთლიანად გადაწვა.
„ძალიან ცუდად მახსენდება ეს ამბავი, უმძიმესი დღეები გავიარეთ,“ – იხსენებს მოდესტო გარსია გომარა, სოფელ ელ-მაილიოს ადგილობრივი მეხანძრე. „მთელი სოფელი ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას. ახლა ხანძარი კატასტროფაა. ცეცხლი სულ უფრო მძვინვარე ხდება. სალამანკიდან ვერ ვიღებთ საკმარის რესურსებს, საზღვარგარეთიდან გვჭირდება დახმარება“.
სწორედ ამას ემსახურება ევროკავშირის პროექტი ARIEM+-ი. მას გალისიის საგანგებო მდგომარეობათა ცენტრიდან მართავენ. ესპანეთის ამ რეგიონის წარმომადგენლებმა კასტილია და ლეონთან, ასევე ჩრდილოეთ პორტუგალიასთან ერთად შექმნეს საგანგებო მდგომარეობის გეგმა, რომელიც ისეთი დიდი სტიქიური უბედურებების აღკვეთასა და მართვას ემსახურება, როგორებიცაა ძლიერი ქარიშხალი, ტყის ხანძარი და წყალდიდობა. ეს პროექტი 600 ათასი ადამიანის დახმარებას ისახავს მიზნად.
„ეს გეგმა მოიცავს კოორდინაციას, დაგეგმარებას, რისკების ანალიზს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ერთობლივ წვრთნებს როგორც ხალხის, ისე ოპერატიული მუშაკებისთვის, ასევე განსაზღვრავს რისკების მართვისთვის საჭირო რესურსებს“, – განმარტავს მარკოს არაუხო, გალისიის სამაშველო სამსახურის გენერალური დირექტორი.
ახლა სამაშველო სამსახურის დანაყოფები იმ ტყის ხანძრის სცენარის მიხედვით გადიან წვრთნას, რომელიც 2022 წელს მოხდა. სახანძრო წვრთნა გაერთიანებული ძალით კოორდინაციას ემსახურება. ეფექტიან კომუნიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:
უცხოეთიდან ჩამოსულმა რაზმებმა, თანამშრომლობის პროტოკოლის მიხედვით, სწრაფად უნდა შეძლონ ადგილობრივ დანაყოფებთან ინტეგრაცია. „ერთი ოპერაციის ბრძანების სტრუქტურა“, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნა, სახიფათო ვითარების კოორდინაციას ისახავს მიზანად. ოპერაციას იმ რეგიონის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ, სადაც სტიქია მძვინვარებს.
„წვრთნები მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი სამუშაო პროცესის პრაქტიკულ მეცადინეობას გავდივართ,“ – ამბობს ფრანსისკო ბოლანიოსი, კასტილია და ლეონის ადგილობრივი ხელისუფლების ტყის ხანძრების დეპარტამენტის უფროსი მეხანძრე. „ვამოწმებთ, თუ რა საკითხია გამოსასწორებელი. წვრთნებზე უცხოეთიდან ჩამოსული დანაყოფები ჩვენს სამუშაო პროცესს სწავლობენ და ხვდებიან, თუ როგორ უნდა მოახდინონ ინტეგრაცია რეალურ ვითარებაში“.
პროექტ ARIEM+-ის საერთო ბიუჯეტი 4.193.521 ევროა. აქედან 75 პროცენტი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში ფინანსდება, 25 პროცენტს კი გალისიის, კასტილია და ლეონისა და ჩრდილოეთ პორტუგალიის რეგიონები იხდიან.
კოორდინირებული კომინიკაციით, წვრთნებითა თუ ახალი აღჭურვილობით ARIEM+-ი დაეხმარება ესპანეთსა და პორტუგალიას, რათა მათ შეძლონ ერთიანი ძალისხმევით სძლიონ სტიქიას, როდესაც ის შემოუტევს.
ავტორი: კრისტინა ხინერი