მთავარიაზიაავღანეთიავღანეთის ქალაქ ჰერათში ქალებისთვის კაფე გაიხსნა

ავღანეთის ქალაქ ჰერათში ქალებისთვის კაფე გაიხსნა

ავღანეთში, ქვეყანაში, სადაც „თალიბანი“ ქალებს განათლების მიღებას, დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას თითქმის სრულად უზღუდავს, ახალგაზრდა ქალმა, მარჯან აზიზმა შექმნა სივრცე – მოაწყო პატარა კაფე, სადაც ქალები ერთმანეთთან შეხვედრასა და სოციალიზაციას შეძლებენ.

2021 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა „თალიბანმა“ ხელისუფლება ხელში ჩაიგდო და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარებმა ავღანეთი დატოვეს, მარჯან აზიზი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ახლა ის ქალაქ ჰერათში პატარა კაფეს მართავს.

„კაფემ ყველა ასაკის მომხმარებელი დააინტერესა. აქ სხვადასხვა ასაკის ქალები მოდიან განსხვავებული გემოვნებით. ძალიან მიხარია, რომ ქალაქის მოსახლეობა მხარს ასე გვიჭერს“, – ამბობს კაფეს მფლობელი.

„თალიბანი“ ქაბულში მას შემდეგ შევიდა, რაც საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე პრეზიდენტი, აშრად ღანი ქვეყნიდან გაიქცა და უშიშროების აპარატი, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, დაიშალა.

„თალიბებმა“ ქალებს საზოგადოებრივი ცხოვრება თითქმის სრულად აუკრძალეს. ახლა გოგონებს სკოლაში სიარული მხოლოდ ექვსი წლით შეუძლიათ.

„მიხარია, რომ აქ ვარ და ვხედავ, როგორ დგებიან გოგონები ფეხზე. აქ კიდევ რამდენიმე ქალმა იპოვა სამსახური.“

„არ გვქონდა ადგილი, სადაც ქალებისთვის კაფე და წიგნები იქნებოდა. ძალიან მიხარია, რომ ახლა ეს სივრცე გვაქვს“, – ამბობენ კაფეს სტუმრები.

გარდა იმისა, რომ გოგონებს საშუალო და უმაღლესი განათლების მიღება აეკრძალათ, მათ თითქმის სრულად შეეზღუდათ დასაქმებაც.

„თალიბანის“ კონტროლის დამყარებიდან მალევე, 2021 წლის სექტემბერში დაწესებული რეგულაციით ქაბულის მთავრობასა და საჯარო სექტორში დასაქმებული ქალებიდან მუშაობის გაგრძელების უფლება მხოლოდ საპირფარეშოების დამლაგებლებს მიეცათ.

ავღანეთში ქალებს ეკრძალებათ პარკებსა თუ სპორტულ დარბაზებში სიარულიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend