ევროკავშირი საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეჩერების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ესპანურ გამოცემა “ევროპა პრესთან“ საუბრისას ევროკავშირის საგარეო საკითხების სამსახურების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ისაუბრა.
სტანოს თქმით, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური შეშფოთებული რჩება საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ხოლო წინააღმდეგობრივი კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე „უკან გადადგმული ნაბიჯია.”
პიტერ სტანო აღნიშნავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ევროპულმა ბლოკმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან „მათ გარდა, ვინც ორიენტირებულია არსებული ვითარებიდან გამოსავლის პოვნაზე.”
„ჩვენ განვიხილავთ საქართველოს მთავრობისადმი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო სამსახურის სპიკერმა. მისივე თქმით, ამ საკითხის ფარგლებში ევროკავშირმა უკვე გაყინა სამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებული 30 მილიონი ევრო.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 აგვისტოდან ძალაშია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომლებიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციას ავალდებულებს.