„საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და სიცრუის შემცველი განცხადებების გამო ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარებას უჩერებს. ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეცვლილა, თუმცა ვაშინგტონმა 23 მაისს საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა დაიწყო და უკვე კონკრეტულ ზომებსაც იღებს.
„ჩვენთვის დაახლოება და პარტნიორობა დასავლეთთან ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც ყოველთვის იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მათ შორის, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობას. კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით. მე არ ვიცი, რაზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია, ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ. აშშ-სთან რომ მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება, გვაქვს და კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ, ამის განწყობას გიდასტურებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღება ქვეყანას სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება და კანონმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილთან ერთად დასავლელი პარტნიორებიც ეწინააღმდეგებოდნენ, ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული თანამშრომლობის გაწყვეტამდე მიიყვანა.
„პარტნიორული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უკვე არ არსებობს. არ არსებობს „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ. გზავნილი შეცვლილი არ არის. მიმდინარეობს საქართველოსთან ურთიერთობის სრული და სიღრმისეული გადახედვა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადადგა. 95 მილიონი დოლარია დაბლოკილი და ამის მიზეზია საქართველოს ხელისუფლების ქმედებები. სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ მიუთითა, რომ ეს პასუხია იმ ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადადგა რუსული კანონის მიღებით“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა.
„საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიულ მისწრაფებებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე არ იმოქმედებდა” – ასე ეხმაურებიან სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერების თაობაზე და აღნიშნავენ, რომ დახმარების შეჩერების მიუხედავად შტატები ქართველი ხალხის ტრანსატლანტიკური მისწრაფების ერთგული რჩება.
„მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ მოსკოვისგან დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად უჭერს მხარს დემოკრატიულ ძალისხმევასა და რეფორმებს, მუშაობს მთავრობასთან მისი ინსტიტუტების გასაძლიერებლად და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად 2008 წელს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიის შემდეგ.
ჩვენ გავაგრძელებთ კანონპროექტით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების ადვოკატირებას, რომელიც საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას დააკისრებს და ქართველ ხალხს დემოკრატიული გზის გაგრძელებაში დაეხმარება. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა განაახლოს თანამშრომლობა, როდესაც ხელისუფლება ჩვენი საერთო მიზნების მიმართ ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს“.
საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონით დახმარების შეჩერების თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, განცხადება 31 ივლისს გავრცელდა.
„23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ მე გამოვაცხადე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის შედეგად შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს. ამ ქმედებების გამო საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეჩერების პარალელურად შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით“, – წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის 32 წელზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შტატებმა საქართველოს დახმარებისთვის 6.2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.