მთავარიაზიაღაზა„თითქოს უეცრად ყველაფერი გაქრა“ - ამბები ღაზიდან

„თითქოს უეცრად ყველაფერი გაქრა“ – ამბები ღაზიდან

ისრაელი კვლავ ბომბავს ღაზას – მსხვერპლი კვლავ იზრდება… მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებიან, მათ შორის ბავშვები.

ორი წლის სივარი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, მაგრამ ვერ გადარჩნენ მისი მშობლები, ვერც მისი ძმები. ბოლო დაბომბვის დროს, ბავშვმა სხეულის უმძიმესი დამწვრობა მიიღო. უჭირს სუნთქვა. ის საავადმყოფოში მამიდასთან ერთად მოხვდა. ქალს ოჯახის წევრებიდან პატარა სივარის გარდა აღარავინ დარჩა.

„ჩემი ოჯახი სადილობდა, როცა აფეთქება მოხდა. მათგან ყველა დაიღუპა, მათ შორის ჩემი ძმა, მისი მეუღლე, მათი შვილები. საბედნიეროდ გადარჩა ჩვენი პატარა გოგონა, სივარი. ახლა მისი მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოში ვართ, თუმცა აქ მკურნალობისთვის ელემენტარული საშუალებებიც არ არის. აღარც ექიმები არიან”, – ამბობს, ამალ აბდელ ჰადისივარის დეიდა.

„ბავშვი, დედის, მამის და ძმების გარეშე დარჩა. მისი ნივთებიც იმ სახლში დარჩა, რომელიც დაბომბვის დროს სრულად დაინგრა. თითქოს უეცრად ყველაფერი გაქრა“,- ამბობს, სივარის მამიდა, ნურ აბდელ ჰადი.

სივარის გარდა კიდევ უამრავი ბავშვი დაობლდა. 3 თვის ჩვილმა, რომელიც ამავე სავამდყოფოში გადმოიყვანეს, აფეთქების შემდეგ მშობლები დაკარგა.

„ჩემი უფროსი გოგო, მის მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად აფეთქებას ემსხვერპლა. დარჩა მხოლოდ 3 თვის ესმა, ის 12 საათის განმავლობაში იწვა მკვდარი დედის მკლავებში, როცა ბაბუამ იპოვა“, – ამბობს, 3 თვის ესმა აჯურის ბებია, ბასემა ქედარი.

ალ აქსას საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, რომ კლინიკაში კრიტიკული ვითარებაა. სამედიცინო პერსონალი ყვება, რომ იქ ყოველდღე უამრავი დაშავებული შეჰყავთ, რომელთაგან უმრავლესობა ბავშვია.

„უმძიმესი ვითარებაა. პატარა სივარი კრიტიკულ მდგომარეობაში მოიყვანეს, მას  სახის მეორე ხარისხის დამწვრობა და პნევმონია აქვს. სხეული მთლიანად აქვს დაზიანებული. სამწუხაროდ, სივარს შემთხვევა პირველი არ არის. აქ თითქმის ყოველდღე ამოჰყავთ ბავშვები, რომლებიც ოჯახებს კარგავენ და სრულიად მარტო რჩებიან. ჩვენ, როგორც შეგვიძლია, მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის ვიბრძვით“,- ამბობს, ალ- აქსას საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროსი, ფოდ ალ-ჰადადი.

გაეროში აცხადებენ, რომ 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, ღაზის ტერიტორიაზე დაახლოებით 17 000 ბავშვი დარჩა ობლად.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე, ისრაელ-ჰამასის ომს 39 000-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა. მათივე ცნობით, დაღუპულთაგან ნახევარზე მეტი ბავშვები და ქალები არიან.

იმ დღეს, როცა პატარა სივარმა და ესმამ მშობლები დაკარგეს, ისრაელელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ მათ ღაზის სექტორში ათობით სამიზნეს დაარტყეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend