მთავარისაქართველოოპოზიცია სუსის განცხადებას ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ რუსული სტილის პროპაგანდას უწოდებს

ოპოზიცია სუსის განცხადებას ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ რუსული სტილის პროპაგანდას უწოდებს

სუსის ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციისთვის ტერორისტული აქტის მზადების შესახებ უკვე მოჰყვა გამოხმაურება ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ გზით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ხალხი კონსპირაციებით მოატყუოს და დააშინოს. ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს არის მთავრობის კიდევ ერთი პროპაგანდისტული ხერხი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

„ეს არის მუდმივი კონსპირაცია და დეზინფორმაცია რუსული სტილის პროპაგანდა, რასაც დასავლელი პარტნიორები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ. ივანიშვილი ყალბი შიშის დანერგვით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქე და სწორედ ამის საფუძველზე შეინარჩუნოს ხელისუფლება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილის მცდელობა, კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება უკიდურესად წარუმატებელი და ქართველი მოქალაქე გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ”, – ამბობს თინა ბოკუჩავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.

„ვფიქრობ, რუსეთში ძალიან უხარიათ ეს ყველაფერი. როცა 2014 წლიდან, ჭიკაიძის „საბურავების გადატრიალებიდან“ მოყოლებული დღემდე ყოველთვის გადატრიალებას იძიებს სუსი და არცერთი შედეგი არ დამდგარა, მე არ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულ პასუხს საჭიროებს და ცოტა არაადეკვატურია და მგონია, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით კეთდება ეს დამაშინებელი განცხადებები”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 24 ივლისს, გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ იგეგმებოდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ლიკვიდაცია. მანამდე ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალებამ დაწერა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend