1994 წლის 20 ივლისს „ევროპის ბოლო დიქტატორად“ წოდებულმა ლუკაშენკამ ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჩანაცვლდნენ დემოკრატიულად არჩეული ლიდერები, ძალაუფლება დაკარგეს ავტორიტარმა მმართველებმა, შეიცვალნენ მონარქებიც კი, თუმცა ლუკაშენკა კვლავ ადგილზეა და ხელისუფლებაში ყოფნის 30 წელს აღნიშნავს.
როდესაც ყოფილი საბჭოთა მეურნეობის დირექტორი საბჭოთა კავშირის დაშლიდან სულ რაღაც 2.5 წელიწადში ბელარუსის პრეზიდენტად პირველად აირჩიეს, იგი საკუთარ ხალხს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას დაჰპირდა.
2020 წლის 9 აგვისტოს ლუკაშენკა ბელარუსის პრეზიდენტად მეექვსე ვადით აირჩიეს. მაშინ დიქტატორი აცხადებდა, რომ კიდევ ერთი უპირობო გამარჯვება და ხმათა 80% მოიპოვა, თუმცა ეს არც ბელარუსში დაუჯერებიათ და არც მის საზღვრებს გარეთ. ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. სამთავრობო ძალები დემონსტრაციების დაშლას ძალადობრივი მეთოდებით ცდილობდნენ. მოკლეს რამდენიმე ადამიანი. აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს.
მიუხედავად ყველაფრისა, ლუკაშენკამ დასავლეთის სანქციებს თავი აარიდა და როგორც თავად ამბობს, მომავალ წელს ხუთწლიანი ვადით კენჭს უკვე მეშვიდედ იყრის.