მთავარისაქართველოპარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

82 ხმით პარლამენტმა პირველი მოსმენით „ამნისტიის შესახებ“ პროექტი მიიღო. პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება და მასში გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4-ითა და 1/6-ით შემცირება და ასევე პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

კანონპროექტის ავტორები „ქართული ოცნებიდან“ ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ჰუმანური აქტია და მის ირგვლივ არავითარი წინასაარჩევნო ან რაიმე პოლიტიკური ვაჭრობა არ გაიმართება.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტში, 19 ივლისი, 2024 წელი Copyright საქართველოს პარლამენტი

„სასჯელის 1/6-ით შემცირება და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის შემცირება მნიშვნელოვანი სიახლეა. დღეს 22 000 პრობაციონერი გვყავს. აქედან ამნისტია დაუყოვნებლივ 7 000 პრობაციონერს შეეხება, საუბარია ერთი წლით გამოსაცდელი საპატიმრო ვადის მოკლებაზე. 2012 წლიდან დღემდე „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის 10 კანონი მიიღო და დღეს განხილული პროექტი მეთერთმეტეა”, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა რატი იონათამიშვილმა.

ბოიკოტში მყოფი საპარლამენტო ოპოზიციიდან რიგგარეშე სხდომას მხოლოდ „გირჩის“ დეპუტატები და თეონა აქუბარდია დაესწრნენ. იაგო ხვიჩიამ მმართველ პარტიას რამდენიმე მუხლზე ცვლილება შესთავაზა. თეონა აქუბარდიამ კი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი გააკრიტიკა და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

„რა პრინციპით შეარჩიეთ მუხლები? სად არის კვლევა?! საერთაშორისო სტანდარტია, რომ მასშტაბური ამნისტია განმეორებითი დანაშაულის, რეციდივის კვლევას უნდა ეფუძნებოდეს. გაქვთ ასეთი კვლევა ჩატარებული? რაზე დაყრდნობით აცხადებთ, რომ კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებასა და დამნაშავეთა მიმართ ჰუმანურ მიდგომას შორის ბალანსი დაცულია?

ფაქტია, ამნისტია ეხებათ ზონდერებს! რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე ზონდერების მიერ ჩადენილ არც ერთ დანაშაულზე გამოძიება არ არის დაწყებული შესაბამისი უწყების მიერ და შესაბამისი კვალიფიკაციით. ყველა მათგანზე გამოძიებას აწარმოებს არაუფლებამოსილი უწყება, შსს და არასწორი კვალიფიკაციით. ყველა ამ დანაშაულს ამნისტია ეხება. ამ პირობებში რანაირად არის სამართლიანი ეს ამნისტია. ანუ ზონდერებს წინასწარ დაჰპირდით დაუსჯელობას?!“ – მიმართა თეონა აქუბარდიამ „ქართულ ოცნების“ დეპუტატებს.

ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

მმართველი უმრავლესობა „ამნისტიის შესახებ“ პროექტის მეორე-მესამე მოსმენით განხილვასა და მიღებას საშემოდგომო სესიის ფარგლებში გეგმავს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend