მთავარიაზიაისრაელი„ჰეზბოლას“ პოზიციებზე თავდასხმას თელ-ავივში საცხოვრებელ კორპუსზე დრონით შეტევა მოჰყვა ‌

„ჰეზბოლას“ პოზიციებზე თავდასხმას თელ-ავივში საცხოვრებელ კორპუსზე დრონით შეტევა მოჰყვა ‌

ახლო აღმოსავლეთი ისევ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. ღაზის სექტორში დაბომბვის პარალელურად, 19 ივლისს გამთენიისას, თავდასხმის სამიზნე თელ-ავივის დასახლებული პუნქტი გახდა, სადაც საცხოვრებელ კორპუსს ასაფეთქებლებით დატვირთული დრონი დაეჯახა.

დრონებით აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობა, თელ-ავივი, ისრაელი, 19 ივლისი, 2024 წელი Copyright Reuters

აფეთქებას ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საფრენი აპარატი იდენტიფიცირებული იყო, თუმცა „ადამიანური შეცდომის გამო“ არც საჰაერო თავდაცვა და არც გამაფრთხილებელი სირენები არ ჩართულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. ისრაელში დაჯგუფების განცხადებას არ ადასტურებენ და გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

„გამთენიისას ისრაელის პოლიციაში არაერთი შეტყობინება შემოვიდა თელ-ავივის ცენტრში, საცხოვრებელ ზონაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და გამნაღმველები დაუყოვნებლივ გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ. პოლიცია ჯერ კიდევ მუშაობს აფეთქების გამომწვევი მიზეზების დადგენაზე. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. აფეთქების ზუსტი რადიუსი არ ვიცით, ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებთ, მოერიდონ ქალაქის ამ ნაწილს, რადგან, შესაძლოა, მოქალაქეებისთვის გადაადგილება საფრთხისშემცველი იყოს“, – ამბობს დინ ელსდანი, პოლიციის ოფიცერი.

„ჰაერში, გარკვეულ სიმაღლეზე მოხდა აფეთქება, რომელმაც ნგრევა გამოიწვია. უმნიშვნელო, თუმცა ზიანი შესამჩნევია. ამჟამად, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ინფორმაცია საფრენი აპარატის შესახებ. როგორც ჩანს, ობიექტი არ მდებარეობდა თელ-ავივში და სავარაუდოა, რომ სხვა ტერიტორიიდან შემოფრინდა“, – განაცხადა პერეც ამარიმ, თელ-ავივის ოლქის პოლიციის მეთაურმა.

თელ-ავივის საცხოვრებელ ზონაზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა. ლიბანური სახელმწიფო მედიის ცნობით, სირიის საზღვრის სიახლოვეს მომხდარი შემთხვევის შედეგად ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების მეთაური მოჰამად ჯაბარა. სავარაუდოა, რომ თელ-ავივზე დრონით თავდასხმა „ჰეზბოლას“ პასუხია ისრაელის ქმედებებზე, მაგრამ ამ ფაქტს არც ერთი მხარე ოფიციალურად არ ადასტურებს.

ამასთანავე, საპასუხო იერიშის შესახებ ეჭვებს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიც ამყარებს. 17 ივლისს ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი ისრაელს დაემუქრა და განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გაგრძელების შემთხვევაში „რაკეტებს გაუშვებს იმ დასახლებების მიმართულებით, რომლებიც მანამდე სამიზნეებს არ წარმოადგენდა“. მაშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰასან ნასრალას გაფრთხილებას გამოეხმაურა და კვლავ გაიმეორა 2023 წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული პოზიცია. „ჰამასზე“ წნეხის გაზრდის აუცილებლობასა და ქვეყნის შემდგომ ნაბიჯებზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სამხრეთით, ისრაელელ ჯარისკაცებთან მოულოდნელი შეხვედრის დროსაც, განაცხადა.

„ძალები ამ ჯარისკაცების სიმამაცისა და მათი ქმედებების დამსახურებით მოვიკრიბე. მათი ქმედებები უზრუნველყოფს ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებას და აძლიერებს ჩვენს კონტროლს ჩვენთვის მნიშვნელოვან მონაკვეთებზე – ფილადელფიის დერეფანსა და რაფას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. ამავდროულად, „ჰამასზე“ სამხედრო წნეხით ისინი გვეხმარებიან, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ურყევი პოზიცია ჩვენს სამართლიან მოთხოვნებთან დაკავშირებით, რაც შეთანხმების პირველივე ეტაპზე მძევალთა მაქსიმალური რაოდენობის გათავისუფლებას ითვალისწინებს. ორმაგი წნეხი კი არ გადადებს შეთანხმებას, არამედ უზრუნველყოფს მის სისრულეში მოყვანას. მომდევნო კვირას მე მივემგზავრები ამერიკაში კონგრესში სიტყვით გამოსასვლელად. ვგეგმავ ისრაელის სამართლიანი პოზიციის წარდგენას, ასევე იმ გმირობის ჩვენებას, რასაც აქ ვხედავ“, – რაფაჰში ვიზიტისას განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სამხედრო წნეხის გარდა ისრაელი პოლიტიკურ წნეხსაც ზრდის. 18 ივლისს ქნესეთმა მხარი დაუჭირა საკითხს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის წინააღმდეგ. 120 დეპუტატისგან შემდგარი საკანონმდებლო ორგანოს 68 წევრი ინიციატივას მიემხრო, წინააღმდეგი მხოლოდ 9 აღმოჩნდა. მსგავსი გადაწყვეტილება ქნესეთმა თებერვალშიც მიიღო, როცა ისრაელის მხრიდან საერთაშორისო დონეზე პალესტინური სახელმწიფოს ნებისმიერი ფორმით აღიარებას შეეწინააღმდეგა.

ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ და დეპუტატები ესწრებიან ქნესეთის პლენუმის სხდომას, 17 ივლისი, 2024 წელი Copyright Yonatan Sindel/Flash90

ისრაელის ხელისუფლების მხრიდან თელ-ავივის ცენტრში მომხდარ დრონებით თავდასხმაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. უცნობია ისიც, გამოძიებით რა შედეგს მიიღებენ და აღიქვამს თუ არა ისრაელის მმართველობა მომხდარს როგორც ტერორისტთა პირდაპირ სამხედრო მუქარად, სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend