მთავარისაქართველო47 სახელმწიფოს ლიდერი დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ‌

47 სახელმწიფოს ლიდერი დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ‌

დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტი გაიხსნა. ევროპელი ლიდერები ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში, შეიკრიბნენ.

ბლენჰაიმის სასახლე, ვუდსტოკი, ინგლისი Copyright Steve Parsons/PA via AP

სამიტს 47 სახელმწიფოს ლიდერი ესწრება და მთავარი მასპინძელი გაერთიანებული სამეფოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერია. ევროკავშირს კი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წარმოადგენს. კირ სტარმერმა სამიტის გახსნის დროს მიმართვაში მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

„ჩვენი პირველი ამოცანა არის უკრაინისთვის ურყევი მხარდაჭერის დადასტურება. კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფასეულობების გარშემო და ვთქვათ, რომ ერთად დავუპირისპირდებით აგრესიას, რადგან რუსეთიდან მომდინარე საფრთხე ევროპის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

პარალელურად მან ისაუბრა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ეს საჭიროა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა. მან ევროპას უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სამიტის განმავლობაში პირადად შეხვდება ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრსა და მეფე ჩარლზ III-ს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი საუბრობს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ბლენჰაიმის სასახლეში, ვუდსტოკი, ინგლისი, 18 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Kin Cheung

„პუტინი ვერ შეინარჩუნებს ურთიერთობას ჭეშმარიტად ძლიერ ლიდერებთან და ეს არის ჩვენი უპირატესობა. თუმცა ჩვენ მანამ გვექნება უპირატესობა, სანამ ერთიანები ვიქნებით. ის ეცდება თქვენთან დაახლოებას, ან ზეწოლას იმისთვის, რომ ერთ-ერთმა თქვენგანმა ყველა სხვა დანარჩენს უღალატოს. რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევით და როგორ მემკვიდრეობას დატოვებთ, მაგრამ თუ ვინმე ცდილობს სხვის ზურგს უკან ან, თუნდაც, სხვის ხარჯზე გადაჭრას საკითხები, ჩავიდეს ომის დედაქალაქში და ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო დაპირებები გასცეს, რატომ უნდა გავითვალისწინოთ ასეთი ადამიანი? ევროკავშირსა და ნატოს ამ ერთი ადამიანის გარეშეც შეუძლიათ პრობლემების მოგვარება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის შეხვედრა, ვუდსტოკი, 18 ივლისი, 2024 წელი Copyright მთავრობის ადმინისტრაცია

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც არის.

„დღეს ვმონაწილეობ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეოთხე სამიტში. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთ-ერთი მთავარი თემა არის კავშირგაბმულობა, უფრო კონკრეტულად ენერგეტიკული დაკავშირებადობა და, რა თქმა უნდა, გავუზიარებ ჩვენს ევროპელ კოლეგებს გზავნილებს, როგორ ვხედავთ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება, სწორედ ამ კუთხით, დაკავშირებადობის კუთხით და, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ.

სამიტზე მთავარი განსახილველი თემებია: უკრაინის დახმარება, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და მიგრაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend