მთავარიგადაცემებიCULTშვეიცარიელი კონსერვატორები „ევროვიზიას“ პროპაგანდას უწოდებენ და მის ჩატარებაზე რეფერენდუმს ითხოვენ

შვეიცარიელი კონსერვატორები „ევროვიზიას“ პროპაგანდას უწოდებენ და მის ჩატარებაზე რეფერენდუმს ითხოვენ

რეფერენდუმი შვეიცარიული პოლიტიკური კულტურის ძირითადი მახასიათებელია. საინტერესოა, რამდენად მოახერხებენ დემოკრატიული სისტემის ამ იარაღით შვეიცარიაში ევროვიზიის კონკურსის ჩაშლას?

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული 2024 წელს შვეიცარიელი მომღერალი ნემო გახდა, ამიტომაც მომავალ წელს ეს კონკურსი შვეიცარიაში ჩატარდება.

ამ ფაქტს აღტაცებით შეხვდნენ ჟენევასა თუ ბერნში, რადგან ევროვიზიის კონკურსის მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია 1989 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.

შვეიცარიის რამდენიმე ქალაქმა, მათ შორის ციურიხმა, ჟენევამ, ბერნმა და ბაზელმა შეიტანეს განცხადება ევროვიზიის მასპინძელი ქალაქის სტატუსზე – თუმცა შვეიცარიელს კონსერვატორებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

ორი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც შვეიცარიელმა მომღერალმა ნემომ, როგორც ქვიარ თემის წარმომადგენელმა, პირველად გაიმარჯვა ევროვიზიის კონკურსზე. შვეიცარიელი კონსერვატორები კი იმუქრებიან, რომ არ დაუშვებენ გადასახადების გადამხდელთა ფულით ევროვიზიის დაფინანსებას.

შვეიცარიის ქრისტიანი კონსერვატორების პარტია „შვეიცარიის ფედერალ-დემოკრატიული კავშირი“ – EDU – გეგმავს, რომ კონკურსის მასპინძლობის მსურველ ქალაქებში მოითხოვოს რეფერენდუმი იმ საკითხზე, თუ რამდენად დასაშვებია საჯარო ფინანსების დახარჯვა ასეთი კონკურსის მასპინძლობაზე.

გასულ კვირას სოციალურ პლატფორმა X-ზე EDU-ს წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროვიზიის სიმღერის კონკურსი საშინელი პროპაგანდისტული ღონისძიებაა“ და რომ „ქვეყანა, რომელიც ასეთი ნაგავს უთმობს სცენას, ამით საკუთარ იმიჯს კი არ აუმჯობესებს, არამედ საკუთარ სულიერ გახრწნილებას წარმოაჩენს.“

გარდა ამისა, EDU-ს წარმომადგენლებმა სოციალურ მედიაში დაგმეს ევროვიზიის ფარგლებში „ანტისემიტიზმის, ოკულტიზმისა და სატანიზმის“ ზეიმი, რითაც მიანიშნეს ევროვიზია 2024-ზე ისრაელის წარმომადგენელი მომღერლის მიმართ გამოხატულ პროტესტზე, ასევე ირლანდიის წარმომდგენელი მომღერლის ბამბი თაგის სასცენო წარმოდგენაში პენტაგრამის გამოყენებაზე.

მართალია EDU შედარებით მცირე პოლიტიკური პარტიაა, მაგრამ მის მიერ რეფერენდუმის მოთხოვნას ზოგიერთ კანტონში (ადგილობრივი მთავრობის მქონე მუნიციპალიტეტები) მხარი დაუჭირეს უფრო დიდმა მემარჯვენე პარტიებმა, როგორებიცაა „შვეიცარიის სახალხო პარტია“ და შვეიცარიელი გადასახადების გადამხდელთა ასოციაცია.“

მოახერხებენ თუ არა შვეიცარიაში ევროვიზიის შემდეგი გამარჯვებულის გამოვლენას? თუ ამ კონკურსის მოწინააღმდეგეები იზეიმებენ გამარჯვებას? – ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ელის მორტონი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend