ნატოს მოკავშირეები ამბობენ, რომ მათი ალიანსი გადარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში დამარცხდება.
32-მა ქვეყანამ გამოაცხადა მთელი რიგი ახალი დაპირებები კიევისთვის, რადგან რუსეთი აგრძელებს სამოქალაქო ტერიტორიების დაბომბვას, მათ შორის, ბავშვთა საავადმყოფოსი.
ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს ხუთი პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემასა და შეერთებული შტატების, ნიდერლანდებისა და დანიის ერთობლივ პირობას, რომ პირველი F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავი უკრაინელი პილოტების ხელში უკვე ზაფხულში იქნება.
„ვფიქრობ, პატრიოტის სისტემები საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მათ შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება. სწორედ ასეთი რაკეტები აზიანებენ ყველაზე მეტად სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
F-16-ებს რაც შეეხება, ისინი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის, თუმცა ეს არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. ამ ტიპის ავიაცია უკრაინას არ დაეხმარება მიტაცებული ტერიტორიების გათავისუფლებაში“, – ამბობს ედ არნოლდი, მკვლევარი ევროპული უსაფრთხოების საკითხებში.
ჩვენ ვნახეთ საავადმყოფოებზე თავდასხმების შემზარავი კადრები. გარდა ამისა, საინტერესოა, თუ რა ვითარებაა ბრძოლის ველზე? და ზოგადად, რომ ვთქვათ, არის ვითარება ისეთივე კრიტიკული, როგორც რამდენიმე თვის წინ იყო?
„თავდაპირველად რაც შეეხება საავადმყოფოზე თავდასხმას. ჩემი აზრით, კრემლის საკმაოდ მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო სამიტის წინ ეს გაეკეთებინა, მოსკოვი შეეცადა ევროპაში უკრაინის ნატოში გაწევრებისა და ნატოს ომში გაზრდილი ჩართულობის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოების დაშინებას და იმის ჩვენებას, თუ როგორი შეიძლება იყოს ესკალაცია მათ ქვეყნებში.
მე მგონია, კრემლის ამ გათვლამ არ გაამართლა იმ გაგებით, რომ მოკავშირეებმა უკრაინას დამატებითი პატრიოტისა და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემები უფრო მალე გადასცეს. ნატოში ხვდებიან, რომ თუ უკრაინას სათანადო შეიარაღება ექნება, ისინი გამარჯვებამდე იბრძოლებენ.
უკრაინელების მხარეს საკმაოდ დიდი მსხვერპლია, თუმცა რუსულ მხარეს უფრო მეტი. მოგეხსენებათ, ბოლო ექვს კვირაში, როგორც ჩანს, დაახლოებით 1200 რუსი სამხედრო დაიღუპა, ან დაიჭრა ბრძოლის ველზე. მიუხედავად ამისა, ინიციატივა მაინც მათ მხარეს რჩება. ასე რომ, ეს გვიჩვენებს, თუ რა რთული ვითარებაა ბრძოლის ველზე”, – განაცხადა ედ არნოლდმა.
ვაშინგტონის სამიტის ერთ-ერთი მიზანი იყო ნატოს სამხედრო მხარდაჭერის მუდმივ და ინსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფა. ეს იმიტომ, რომ მომავალში უკრაინის არმიას ჰქონდეს იარაღის საიმედო წყარო, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ხოლო უკრაინელ სამხედროებს სათანადო წვრთნები. გარდა ამისა, სამიტის კიდევ ერთი მიზანი იყო, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში ინსტიტუციური ბარიერების შექმნა, რათა მას გაუჭირდეს ნატოს პოლიტიკის შეცვლა უკრაინის მიმართ.