მთავარიგადაცემებიSmart Regionsევროპის მწვანე სანაოსნო გზები

ევროპის მწვანე სანაოსნო გზები

ლიეჟის უნივერსიტეტში ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დიდი წყალსაქაჩი ტუმბოები შეამოწმეს. ერთი ასეთი ტუმბოს წონა ერთ ტონას შეადგენს  და წუთში სანაოსნო არხში 300 ლიტრი წყლის გადაქაჩვა შეუძლია. ამ ინოვაციური პროექტის დეტალებს ევრონიუს-ჯორჯიას შაბათ-კვირის ეთერში გაგაცნობთ.

კლიმატური კრიზისის ფონზე წყალთან დაკავშირებით ყველაზე დიდი პრობლემა იქმნება. ევროპაში 35-ათასკილომეტრიანი სანაოსნო გზაა, მათ შორის არის მდინარე მაასიც, რომელიც ბელგიის ქალაქ ლიეჟში  ჩამოედინება.

წყლის გადაქაჩვის დროს გამოყოფილი ნახშირბადი ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში გარემოს მთავარ დამაბინძურებელ ფაქტორად ითვლება:  სწორედ წყალსაქაჩ პროცედურებზე მოდის სანაოსნო გზების მართვისთვის აუცილებელი ელექტროენერგიის 25-33 პროცენტი და ატმოსფეროში გაფრქვეული CO2-ის 20 პროცენტი.

ლიეჟის უნივერსიტეტში მიმდინარე ევროპული პროექტი Green Win-ი მიზნად ისახავს, რომ წყალსაქაჩ პროცესზე ნაკლები ენერგია დაიხარჯოს.

“ჩვენი საცდელი დანადგარი საშუალებას გვაძლევს, რომ წყალქვეშა ტუმბო შევამოწმოთ“, – ამბობს  ბენჯამინ დევალსი, ლიეჟის უნივერსიტეტის პროფესორი ინჟინერიაში. „ამ ტუმბოებს შეუძლიათ, წყლის დონე რამდენიმე ათეული მეტრით აწიონ. ეს მოწყობილობა ასევე საშუალებას გვაძლევს, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა დავთვალოთ.“

ლიეჟის უნივერსიტეტი ევროპაში ჰიდრავლიკური კვლევის მესაჭეა. ეს დანადგარი ახდენს ყველა ტიპის გარემოს სიმულაციას, რისი დაშვებაც ბუნებაში შესაძლებელია. ცდები ცისტერნაში ჩატარდა.

“ცისტერნაში ესხა წყალი, რომელიც ტუმბომ ამოქაჩა და ლაბორატორიის მილსადენებში გაუშვა, ჩვენ კი მილის მთელ სიგრძეზე სენსორები დავამონტაჟეთ, რათა გამოგვეთვალა წყლის ნაკადის სიჩქარე და ტუმბოს წნევის ძალა“, – განმარტავს ჟორის ჰარდი, მკვლევარი.

პროექტ Green Win-ის მთლიანი ბიუჯეტი 2.7 მილიონი ევროა. აქედან 1.6 მილიონი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში ფინანსდება.

ამ პროექტში ჩართულ 5 ქვეყანაში 11 ადგილას ატარებენ ცდებს რეალურ პირობებში.  ერთი ასეთი ცდა ტარდება მდინარე მოზელზე მდებარე ეტოს წყალსატევზე, რომელიც ლიეჟის უნივერსიტეტის ტექნიკური კონსულტაციის მიხედვით განაახლეს. ეს წყალსატევი, რომელსაც „საფრანგეთის სანაოსნო გზების“ სააგენტო მართავს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალსაქაჩი სადგურია.

“ამ სადგურის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვამ საშუალება მოგვცა, რომ დაგვემონტაჟებინა 5 წყალქვეშა ტუმბო, რომელთა დისტანციური კონტროლიც შეგვიძლია. ამის შედეგად ელექტროენერგიის 30 პროცენტი დავზოგეთ,“ – ამბობს ჟერომ პფაიფერი, საფრანგეთის სანაოსნო გზების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მოზელში.

როდესაც გემები არხში მიცურავენ, იქ ათასობით ლიტრი წყალი მიედინება. წყალსაქაჩი სადგური წყალსატევიდან გადმოქაჩულ წყალს არხში აბრუნებს და ამას წელიწადში ასჯერ მაინც აკეთებს.

ოლივიე კრისტოფი, საფრანგეთის სანაოსნო გზების სააგენტოს ინჟინერი და პროექტის მენეჯერი სტრასბურგში:

“ამ მექანიზმს ნალექების დროს რეზერვუარის, ხოლო მშრალ პერიოდებში კი არხის შესავსებად ვიყენებთ, ეს არხი 6 მეტრით მაღლა მდებარეობს. მისი წყლის დონე უნდა შეივსოს,  ამიტომაც გვჭირდება, წყალსაქაჩი სადგური“.

ამ ინოვაციის ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი უკვე სახეზეა: 11 საცდელ ნაკვეთზე მკვლევრები CO2-ის  65 ტონით შემცირებას ვარაუდობდნენ, რეალურად კი მავნე გამონაბოლქვი 200 ტონით შემცირდა.

ავტორი: ლორენს ალექსანდროვიჩი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend