მთავარისაქართველო„მე ვარ საქართველო! საქართველო ფორმაშია!” — დახვედრა ეროვნულ ნაკრებს

„მე ვარ საქართველო! საქართველო ფორმაშია!” — დახვედრა ეროვნულ ნაკრებს

გუშინ, 3 ივლისს,  საქართველო გერმანიიდან დაბრუნებულ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს დახვდა, სავსე ქუჩებით, დროშებით, ტაშითა და ოვაციებით. საზეიმო მსვლელობას, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა, გულშემატკივართა დიდი გუნდი მიჰყვებოდა.

ნაკრების სრული შემადგენლობა თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე ნიკა კვეკვესკირმა სათითაოდ მიიწვია. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

„განსაკუთრებული რამდენიმე თვე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ბედნიერი ვარ, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავთ. მიხარია, რომ ჩვენმა თამაშმა ასეთი ემოცია მოიტანა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და მინდა, ვთქვა, რომ ეს არ უნდა იყოს რაიმეს დასასრული, არამედ ეს უნდა გახდეს დიდი საქმის დასაწყისი”, — თქვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ.

შემდეგ კი, ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნაკრებისა და ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს.

„სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა – გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის. ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, რომ მიაღწიეს მიუღწეველს“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, სასწაული მატჩები, სავსე ტრიბუნებით”, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ამ დღემდე კი, იყო ევროპაში ყოფნის სიხარული და განვლილი გრძელი გზა. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ფეხბურთის ნაკრები პირველად გავიდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საფეხბურთო ტურნირზე. იქ მოპოვებულ წარმატებას გულშემატკივრები თავისუფლების მოედანზე გვიანობამდე ზეიმობდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend