მთავარისაქართველო„აშშ-ს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს“ - რობინ დანიგანი

„აშშ-ს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს“ – რობინ დანიგანი

4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა – ამერიკის საელჩომ საქართველოში დღესასწაულის აღნიშვნა 3 ივლისიდან დაიწყო. დიპლომატიური უწყების მიერ გამართულ ღონისძიებას პოლიტიკოსები, დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა. მან დღეს ბევრი ისაუბრა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის მნიშვნელობაზე. ამერიკის მიერ განვლილ გზასა და დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეულ კეთილდღეობაზე. დიპლომატმა საქართველოსთან რამდენჯერმე გაავლო პარალელი და თქვა, რომ ქართველ და ამერიკელ ხალხებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის ხანგრძლივი ისტორია აქვთ.

„106 წლის წინ ქართველი ხალხი გაერთიანდა ახალი დამოუკიდებელი ქვეყნის შესაქმნელად იმ დანაპირებით, რომ საქართველოს ექნებოდა სუვერენული ძალაუფლება და უზრუნველყოფდა თავისი მოქალაქეების სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. მაგრამ საქართველოს გზა, ისევე როგორც ამერიკის გზა, ადვილი არ ყოფილა. ამერიკელების მსგავსად ქართველებსაც მუდმივი ძალისხმევის გაღება უწევდათ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ქართველებს, ვინც 1978 წელს ქართული ენა და ეროვნული იდენტობა დაკარგვას გადაარჩინა, ჩვენ დიდად ვაფასებთ ათასობით ქართველს, ვინც 1989 წლის აპრილში უშიშრად შეიკრიბა და მშვიდობიანი დემონსტრაციით, ხელიხელჩაკიდებულმა, საბჭოთა ტანკებისა და იარაღის პირისპირ მდგომმა მოითხოვა დამოუკიდებლობა“, – თქვა რობინ დანიგანმა სიტყვით გამოსვლისას.

აშშ-ის ელჩი შეეხო 2008 წლის რუსეთის ომს საქართველოში, ისაუბრა ქართველი ხალხის სულისკვეთებაზე დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად. დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველ ხალხსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც 2008 წელს სიმამაცით იბრძოდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ. დღეს მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს. ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს. მაგრამ მე მჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. და რომ, როგორც დემოკრატიებს, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას და შევქმნათ უკეთესი ქვეყანა მომავალი თაობებისთვის. შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს. ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს განათლების სისტემასა და ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გასული 32 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი წარმატების ისტორიაა ორივე ქვეყნისთვის, სარგებლის მომტანი როგორც ამერიკელების, ასევე ქართველებისთვის“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

ამერიკელმა დიპლომატმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივაზეც და აღნიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში გაწეული შრომისა და პარტნიორობის შედეგად, ქართველ ხალხს გაუჩნდა რეალური შესაძლებლობა ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

„აშშ-სა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ათწლეულის განმავლობაში გაწეული შრომისა და პარტნიორობის შედეგად მიღწეული პროგრესით ქართველმა ხალხმა მოიპოვა შესაძლებლობა, რომ ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი. იმედი მაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას“, – განაცხადა დიპლომატმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend