დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი შესაძლოა გახდეს ქვეყნის პირველი მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რომელიც არჩევნების შემდეგ პარლამენტში ვეღარ მოხვდება.
ახალი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული ლეიბორისტული პარტია 4 ივლისის არჩევნებზე 650 მანდატიდან დაახლოებით 400 ან 500-მდე მანდატს მოიპოვებს. ორივე შემთხვევაში, პარლამენტში ლეიბორისტებს სრული უმრავლესობა ექნება. წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, ეს იქნება ლეიბორისტული პარტიის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კიერ სტრამერია, რომელიც სავარაუდოდ ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი იქნება. ის 2019 წლის შემდეგ გახდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და შედარებით უფრო ცენტრისტულ პოლიტიკას ატარებს, ვიდრე მისი წინამორბედი, ჯერემი კორბინი.
„4 ივლისის არჩევნები იქნება შეჯიბრი კონსერვატორებსა და ლეიბორისტებს შორის. საზოგადოებამ უნდა აირჩიოს, სურს თუ არა ბოლო 14 წლის ქაოსის, განხეთქილებისა და წარუმატებლობის გაგრძელება, თუ სურს ლეიბორისტულ ხელისუფლებასთან ერთად ქვეყნის აღდგენა და განვითარება. ბევრი რამ არის შესაცვლელი და ჩვენ გვჯერა, რომ ხალხის ცხოვრების ხარისხი ლეიბორისტული ხელისუფლების მმართველობის პირობებში უკეთესი იქნება“, – განაცხადა კიერ სტარამერმა.
მმართველი კონსერვატიული პარტია დიდი ბრიტანეთის ქვედა პალატაში სავარაუდოდ, 53 ადგილს მოიპოვებს. 2019 წლის არჩევნებზე კონსერვანტებმა 365 მანდატი მოიპოვეს, წელს კი შესაძლოა, მათ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსიც ვერ მიიღონ. არჩევნებში მეორე ადგილზე შესაძლოა, ცენტრისტული ლიბერალ-დემოკრატიული პარტია გავიდეს და სწორედ ის იყოს მთავარი ოპოზიციური პარტია მომავალ პარლამენტში.
კონსერვატიული პარტიის ლიდერ რიში სუნაკს კი აკრიტიკებენ როგორც პარტიაში, ასევე პარტიის გარეთ. ოპონენტები ამბობენ, რომ მას შეცდომებით სავსე წინასაარჩევნო კამპანია აქვს. კრიტიკამ განსაკუთრებით იმატა მას შემდეგ, რაც რიში სუნაკმა საფრანგეთში ნორმანდიის დესანტის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ნაადრევად დატოვა.
ამის პარალელურად, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი ცდილობდა ოპონენტებისა და ამომრჩევლების მხრიდან ნაკლები კრიტიკა დაემსახურებინა. სტარმერმა პირობა დადო, რომ არ გაზრდის მშრომელ ხალხზე გადასახადებს და ის მხოლოდ საჯარო სერვისებს გაზრდის.