მთავარისაქართველოევროპა 2024 იწყება!

ევროპა 2024 იწყება!

გერმანელი სამართალდამცვები სტადიონებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.

ევროპა 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის ემზადება.

ამ უდიდეს სპორტულ მოვლენას გახსნის გერმანია-შოტლანდიის მატჩი, რომელიც 14 ივნისს მიუნხენის სტადიონზე გაიმართება.

„სანამ ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, პოლიცია კიდევ ერთხელ ამოწმებს, არის თუ არა რაიმე სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა ან სიცოცხლისთვის საშიში რაიმე სხვა“, – ამბობს ჰერბერტ რეული, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრი.

საქართველოსთვის კი ყველაზე მთავარი 18 ივნისს იწყება. ამ დღეს ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე იასპარეზებს და 2024 წლის ჩემპიონატზე ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანა იქნება.

ქართველი ფეხბურთელები უკვე რამდენიმე დღეა გერმანიაში არიან და თურქეთთან ისტორიული მატჩისთვის ემზადებიან.

ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ თამაშების მოსაგებად.

„უკვე 18-ში თამაში გვაქვს და ყველანი სულმოუთქმელად ველოდებით, როდის დაიწყება შეხვედრა. იმიტომ, რომ ოცნება აგვისრულდა და როგორც იქნა, აქ ვართ. ნაკრებში კი განწყობა, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგია… გერმანიაში როცა გადმოვედით, ყველაფერი უმაღლეს დონეზე დაგვხვდა. ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელი მზად არის. 18-ში კი თურქეთთან მატჩისთვის რასაც მწვრთნელი დაგვავალებს, ყველაფერს გავაკეთებთ. ვეცდებით, რომ ჩვენს სასიკეთოდ დავასრულოთ ეს შეხვედრა“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

„რამდენიმე დღეა, რაც გერმანიაში ვართ. განწყობა ბოლო ამხანაგურმა შეხვედრამაც აგვიმაღლა. ვემზადებით. რამდენიმე დღეში პირველი ისტორიული თამაშია ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ კი მაქსიმალურად ვემზადებით, რომ მზადყოფნაში ვიყოთ. ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს და ყველას გაცნობიერებული აქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია”, – ამბობს ოთარ კაკაბაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა ნაწილი უკვე გერმანიაშია, ნაწილი კი საქართველოდან უქომაგებს ქვეყნის გამარჯვებას.

ისინი, ვინც თბილისში დარჩნენ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეიკრიბებიან, რათა ერთობის ხმა გააგონონ მათ, ვისი გამარჯვებისაც სჯერათ…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend