პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სტრუქტურებს მიმართავს, გამოიძიონ და დაადგინონ ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საგრანტო ფულის ზიზღისა და ძალადობის დანერგვაში ხარჯვის ფაქტები.
მისივე თქმით, სამოქალაქო სექტორის თანამშრომლები მმართველი პარტიის წევრებზე სხვადასხვა ფორმით ძალადობენ, რაც არადემოკრატიულია და სცდება არასამთავრობო ორგანიზაციების ქცევის მანდატს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროკავშირიდან ამ საკითხზე ყურადღების არ გამახვილება, საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია.
„სადაც ჩავეძიებით, ყოველ ჯერზე ვხედავთ რადიკალ „ენჯეოებს“, პოლიტიკურად მოტივირებულ „ენჯეოებს“, ყველგან რატომღაც ვაგნებთ „ევროპის დემოკრატიის ფონდს“. ეს ის ფონდია, რომელიც მალავს და უარს ამბობს, რომ გაასაჯაროოს თავისი დაფინანსება, რომელიც შემდგომ აღმოჩნდება, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს. კიდევ ერთხელ მივმართავ ევროკავშირის წარმომადგენლობას, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად ევროკავშირსა და ევროკომისიას, ხდება თუ არა, რომ ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებული არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ყველას ფაქტს. ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტი ტყვიით კეფაში ემუქრებოდა უმაღლესი თანამდებობის პირებს. „სირცხვილიას“ წევრები ურეკავდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ. „გრასის“, „ფექტჩეკის“ თანამშრომელი მიუვარდა ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს, შეურაცხყოფას აყენებდა, ხულიგნობა ჩაიდინა და მისი დაკავებაც კი გახდა საჭირო.
ამაზე არ გვაქვს რეაქცია ევროკავშირის მხრიდან. თუ არ იწონებენ, ან პასუხისმგებლობას არ იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან გახარჯულ ფულზე, გვითხრან, მაგრამ წაყრუება არის მიუღებელი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.