მთავარისაქართველოთავდასხმა მოქალაქეებზე და რეაგირება

თავდასხმა მოქალაქეებზე და რეაგირება

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი კვლავ რჩება კლინიკაში 11 ივნისის დილით მომხდარი თავდასხმის შემდეგ. სახის არეში მიყენებული დაზიანებების გამო მას ოპერაცია ჩაუტარდა. ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ზუკა ბერძენიშვილის ფოტო სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. სამოქალაქო აქტივისტმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე თავადაც დაწერა, რომ თავდამსხმელები მას სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრნენ. ოჯახის წევრები და მეგობრები მომხდარს უკავშირებენ ზუკა ბერძენიშვილის აქტიურობას ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ.

„ნამდვილად არ არის სასიამოვნო სიტუაცია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის ის საფასური, რასაც ვიხდით თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა, ზუკა ბერძენიშვილის ძმამ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამართალდამცველებს ზუკა ბერძენიშვილი ჯერ არ გამოუკითხავთ. 11 ივნისის 20:00 საათის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, არიან თუ არა იდენტიფიცირებული თავდამსხმელები, ან ის ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. დაცვის მხარე ითხოვს, ამ მუხლის გადაკვალიფიცირებას, უფრო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის მუხლით.

სამოქალაქო აქტივისტზე თავდასხმის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანი მომხდარ ფაქტს საგანგაშოს უწოდებს და საგამოძიებო ორგანოებს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, მით უფრო თუ თავდასხმის მიზეზი პროფესიულ საქმიანობას ან/და გამოთქმულ აზრს უკავშირდება. აუცილებელია თითოეულ ძალადობრივ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი, რათა ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე და საზოგადოებაში არ წახალისდეს მსგავსი ქმედებები.

სახალხო დამცველი აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან სამოქალაქო სექტორისა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ გაკეთებული მადისკრედიტებელი განცხადებები მათთვის კიდევ უფრო დამაშინებელ გარემოს ქმნის და ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მათ წინააღმდეგ ძალადობის წახალისების არსებით საფრთხეებს შეიცავს.

„საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება მოქალაქეებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებზე და განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება“, – წერს ლევან იოსელიანი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტები, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციების პარალელურად და ამ აქციების შემდეგაც აქტიურად საუბრობენ მათ მიმართ მუქარასა თუ ფიზიკური თავდასხმების ფაქტებზე. სიუჟეტში მოცემული ვიდეო 2024 წლის 2 ივნისს პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მას უცნობი პირები დაესხნენ თავს.

უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ე.წ. „აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგეების უფლებები მასობრივად ირღვეოდა, მაგალითად, ფიზიკური ხელშეუხებლობის, მშვიდობიანი შეკრების, გამოხატვის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ აქციებზე თუ აქციების შემდეგ მოქალაქეების წინააღმდეგ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში საზოგადოება ხედავს სიტყვიერ და ფიზიკურ ანგარიშსწორებას „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეების მიმართ. ჩვენი შეხედულებით, ბოლო დღეების მოვლენებიც ამას უკავშირდება. ვნახეთ, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ აქტივისტს და უმეტესად ეს სახელმწიფოს მხრიდან რჩება ხოლმე ადეკვატური რეაგირების გარეშე. მაშინ, დემონსტრანტების მიმართ არაერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეა აღძრული, ასევე არის სისხლის სამართლის საქმეები, ამის საპირწონედ ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას“ – აცხადებს საიას უფლებების დაცვის პროგრამის ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშვილი.

ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციების დაწყებიდან დღემდე სამართალდამცველებმა 200-ზე მეტი პირი დააკავეს. დაკავების შემდეგ ბევრი მათგანი საუბრობდა საპოლიციო დანაყოფების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ უთქვამს, რამდენ სამართალდამცველს წარედგინა ბრალი, ან საგამოძიებო სამსახურის მოთხოვნით შეუჩერდა თუ არა რომელიმე პოლიციელს უფლებამოსილება.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend