მთავარიგადაცემებიCULTსააჩის გალერეა მოდის სამყაროზე გადაღებულ ფოტოგამოფენას მასპინძლობს

სააჩის გალერეა მოდის სამყაროზე გადაღებულ ფოტოგამოფენას მასპინძლობს

ამ ზაფხულს ლონდონის თანამედროვე ხელოვნების სააჩის გალერეა  მასპინძლობს ფოტოგამოფენას, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ განვითარდა მოდის სამყაროსთან დაკავშირებული ფოტოგრაფია და მოდური პროდუქციის ხაზების უბრალო რეკლამიდან როგორ იქცა დამოუკიდებელ ხელოვნებად.

ლონდონის სააჩის გალერეაში წელს მთელი ზაფხული მოდის სამყაროს ამსახველ ფოტოგამოფენას მასპინძლობს. ეს გამოფენა გვიჩვენებს, რომ მოდური ტრენდების ამსახველი ფოტოგრაფია თანამედროვე ციფრულ ეპოქაში უბრალოდ გაყიდვების ზრდას კი არ ემსახურება, არამედ ნამდვილი სახვითი ხელოვნებაა.

Copyright euronews

გამოფენა, სახელწოდებით „მოდის მიღმა“  50 ფოტოგრაფის ნამუშევარს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. ფოტოები, რომლებიც გვიჩვენებს მოდის სამყაროს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, მხოლოდ პოპულარულ დიზაინერებსა და სუპერმოდელებს არ ეძღვნება.

“მოდის ფოტოგრაფიაც განვითარდა და მშვენიერების სხვა ასპექტებს ჩასწვდა, აღარ ემსახურება სუპერმოდელების დაშტამპული სილამაზის გაგებას,“ – ამბობს  ლილი უოტერტონი, „სააჩის გალერეის“ გამოფენების პროგრამის მენეჯერი. „და ამ გამოფენაზე წარმოდგენილია იმ ფოტოგრაფების ნამუშევრები, რომლებსაც სილამაზის განსხვავებული, უფრო ავთენტური ხედვა აქვთ“.

უზარმაზარ ტილოზე დაბეჭდილი ფოტო „შენი სურნელი“   ფოტოხელოვნების ფაკულტეტის შვეიცარიელმა სტუდენტებმა შექმნეს. ეს ფოტო ჟან-პოლ გოტიეს სუნამოების ვიზუალური ინტერპრეტაცია, რომელიც ხაზს უსვამს სილამაზეს, იდენტობასა და სქესს.

“ჩვენი მიზანი იყო სურნელის ვიზუალური გამოსახვა,“ – განმარტავს მილო კელერი, ლოზანის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტის ფოტოხელოვნების ფაკულტეტის ხელმძღვანელი. „მოდა ნამდვილად არის ის სფერო, რომელშიც შეგვიძლია, სტანდარტები დავარღვიოთ, ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ ამ ნამუშევრით. შევეცადეთ, დაგვერღვია სქესისა და სილამაზის დათქმული ზღვრები და მშვენიერებისა და გენდერული მრავალფეროვნების ახალი ფორმები შეგვექმნა“.

აიოტო ატარაქსიამ, რომელიც ტაივანში დაიბადა და ახლა ბერლინში ცხოვრობს, შექმნა ეს ნამუშევარი, რომელიც სხეულის ფორმებსა და მათ მოდასთან მიმართებას სწავლობს.

“მოდით, დავუშვათ, რომ მოდის ან მოდელების კატალოგი გაქვთ,“ – ამბობს აიოტო. „საკითხი ასე დგას, მაგალითად, თუ სუპერმოდელი ხარ, მართლა მხოლოდ ტანსაცმლის საკიდის როლი უნდა შეასრულო ჩვენების დროს? ჩემი აზრით, მას, ვისაც ხელოვნების ფორმა იტაცებს, რეალურად მისი არსი აინტერესებს, რომელსაც სიტყვით ვერ გადმოსცემ“.

პარიზელი ჯონათან დე ვილიე მოდის ფოტოგრაფია, რომელსაც სტანდარტების რღვევა მოსწონს. სამკაულების ფოტოების გადაღების დროს იგი უარს ამბობს ინდუსტრიაში მიღებულ ნორმებზე.

ჯონათან დე ვილიე მოდის ფოტოგრაფი – Copyright euronews

“ამ შემთხვევაში ძალიან ძვირი სამკაულები უნდა გადამეღო, ბრილიანტები, ძალიან მსხვილი ბრილიანტები, რომლებიც მილიონები ღირს,“ – ამბობს ჯონათანი. „ამიტომ ჩავთვალე,  რომ ჯობდა ჩვეულებრივი ყოფითი გარემო ამერჩია, ოჯახური სცენები, ქაოსური გარემო, ამიტომ ბავშვებსა და მოხუცებს გადავუღე ფოტოები“.

გამოფენა „მოდის მიღმა“ ლონდონის სააჩის გალერეაში 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ავტორი: დამონ ემბლინგი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend