„მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” – ამ სახელწოდებით 2 ივნისის ღამეს რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში ათობით მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ პოპულარული ქართული მუსიკალური ჯგუფები.
აქცია-კონცერტის მიზანი იყო ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებებისას დაჯარიმებული პირებისთვის ფინანსური დახმარება. ტელემარათონზე 3 ივნისის 01:00 საათის მონაცემებით, 250 ათასი ლარი შეგროვდა.
აქცია-კონცერტი საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. მანამდე კი ორბელიანის მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობა გაიმართა გზავნილით – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვისას გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციების დროს, საპოლიციო დანაყოფებმა საერთო ჯამში 200-მდე პირი დააკავეს.
სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების 71 ფაქტზე მხოლოდ ომბუდსმენმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს , თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი, რამდენ პოლიციელს წარედგინა ბრალი ან შეუჩერდა თუ არა რომელიმე მათგანს.