მთავარისაქართველო„ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი"...

„ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი” – ირაკლი კობახიძე

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მიმართა საზოგადოებას.

მან ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წელზე და თქვა, რომ დღეს ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა მისივე თქმით, დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც „საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს”.

„საზოგადოების გამოუცდელობა და პოლიტიკოსების ღალატი ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით დაკარგვად დაუჯდა. 2012 წლიდან დღემდე გამოვიარეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევის არაერთი მცდელობა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა 26 მაისს გააკრიტიკა წინა ხელისუფლება, ხოლო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ღალატში დაადანაშაულა.

“სწორედ ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციალური საფრთხეებისა და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად გასული ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მისწრაფებაზე გახდეს ევროკავშირის წევრი: „70-წლიანი საბჭოთა მმართველობის დასასრულს, 1990 წელს, საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ხოლო 1991 წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მას შემდეგ, საქართველო გადის მოსეს ერთგვარ გზას, რომელიც დარწმუნებული ვარ, „აღთქმულ მიწამდე“ აუცილებლად მიგვიყვანს.

ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend