მთავარიაზიაჩინეთიპუტინის ვიზიტი ჩინეთში

პუტინის ვიზიტი ჩინეთში

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას „ყოვლისმომცველი პარტნიორობის გაღრმავებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ახალ ეპოქაში შესვლის შესახებ“, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინასაც ეხება.

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებს საყვედურობენ ნაბიჯებისთვის, რომლებიც, როგორც თავად ამბობენ, მათ ქვეყნებს საფრთხეს უქმნის. 7000-სიტყვიან ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ „მხარეები კვლავ შეშფოთებულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რეგიონში უსაფრთხოების სტრატეგიული ბალანსის დარღვევის მცდელობების გამო“.

ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში დღეს, 16 მაისს, ჩავიდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები ჯერ ვიწრო, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა 2.5 საათს გაგრძელდა. სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ მზადაა, რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობები განავითაროს და თანამშრომლობის ახალი გეგმები შეიმუშაოს. ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რუსეთსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც, სადაც ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

„75 წელი მცირე პერიოდია რუსეთისა და ჩინეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიასთან შედარებით, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ჩვენ სერიოზულ შედეგებს მივაღწიეთ. დავაგროვეთ კეთილმეზობლური ურთიერთობის ფასდაუდებელი გამოცდილება, მივაღწიეთ საერთო წარმატებებს და გავიარეთ მნიშვნელოვანი ისტორიული გაკვეთილები… ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მოქმედებას ორი ქვეყნის განვითარების, ორი ერის კეთილდღეობისა და მსოფლიოში რუსეთისა და ჩინეთის ავტორიტეტისა და გავლენის გაზრდისთვის”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

“ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობების დინამიკამ 75 წლის განმავლობაში აჩვენა, რომ ჩინეთ-რუსეთის კეთილმეზობლური მეგობრობის მუდმივი კონსოლიდაცია და განვითარება, ყოვლისმომცველი სტრატეგიული კოორდინაცია და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს შეესაბამება”, – აღნიშნა სი ძინპინმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend