რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22M3 სტავროპოლის მხარეში ჩამოვარდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, კრემლს უფრო დიდი დანაკარგი აქვს.
ამ თვითმფრინავის გარდა, კიევმა ერთ დღეში 14 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, 2 ფრთოსანი რაკეტა, 11 მართვადი საავიაციო რაკეტა და „ისკანდერის“ ტიპის 2 რაკეტა გაუნადგურა მოსკოვს.
ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის უწყებაც.
რუსული მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბომბდამშენი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა. მათივე თქმით, თვითმფრინავის ეკიპაჟის ორი წევრი უვნებელია.
რუსული მხარე დაღუპულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ, როგორც წესი, ამ ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის ეკიპაჟი 4 წევრისგან შედგება.
შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22M3 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალაა რუსეთისთვის. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 2 300 კილომეტრი საათში. მასზე შეიძლება განთავსდეს 24 ტონა შეიარაღება, მათ შორის ფრთოსანი რაკეტები და სხვადასხვა კლასის ბომბები.
ამ სტრატეგიულ ბომბდამშენს რუსეთი იყენებდა როგორც ჩეჩნეთსა და სირიაში, ისე 2008 წელს საქართველოში. სწორედ საქართველოში განადგურდა პირველად Tu-22M3.
სტრატეგიულ ბომბდამშენს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დასაბომბადაც აქტიურად იყენებენ.
მაგალითად, ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე 11 სარაკეტო და 78 საავიაციო იერიში მიიტანეს. გარდა ამისა, საარტილერიო იერიშის შედეგად 120 უკრაინული დასახლება დაიბომბა.
გრძელდება საბრძოლო დაპირისპირება უკრაინის ფრონტის სამხრეთ და აღმოსავლეთ ფლანგებზე. ყველაზე აქტიურია ბახმუტის ფლანგი.
„ლიმანის მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა ერთ დღეში 4-ჯერ შეუტიეს უკრაინულ პოზიციებს. თუმცა ბახმუტის ფლანგზე უკრაინის მცველებმა 25 სხვადასხვა ინტენსივობის რუსული იერიში მოიგერიეს ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქების სხვადასხვა დასახლებასთან. საბრძოლო დაპირისპირება გრძელდება ავდიივკის ფლანგზეც, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა 16 იერიში აირიდეს თავიდან“, – აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი ანდრიი კოვალოვი.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ინფორმაციას ეყრდნობა, წერს, რომ რუსეთის მორიგი ძლიერი იერიში უკრაინაზე 2024 წლის ივნისშია მოსალოდნელი. მათი თქმით, რუსეთი ეცდება, 2024 წელს ბრძოლის ველზე მოპოვებული წარმატებით გავლენა მოახდინოს დასავლეთზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ფრონტის ხაზზე უკრაინულ დასახლებებში საინფორმაციო ოპერაციების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„უნდა დაიბლოკოს რუსული პროპაგანდა. ჩვენი, უკრაინული, ტექნიკური შესაძლებლობების როლი უმნიშვნელოვანესია. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ რუსულ პროპაგანდას აუცილებლად მოჰყვება მინიმუმ დესტაბილიზაცია, უარეს შემთხვევაში კი ოკუპაციის მცდელობა. ყველა დონეზე ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა ერთად უნდა ვიმუშაოთ ამის წინააღმდეგ“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობისადმი მიმართვაში.
პენტაგონში კვლავ საუბრობენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე.
აშშ-ს სამხედრო უწყების ცნობით, კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცების შემთხვევაში ომში ჩართულ ქვეყანას რამდენიმე დღეში მიაწვდიან მათთვის საჭირო საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვის კომპონენტებს. ამავდროულად, სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი, უკრაინის პრემიერ- მინისტრს დაჰპირდა, რომ ყველაფერს იღონებს, რათა უკრაინამ დაფინანსება მიიღოს…