„სამწუხაროდ, უკრაინაში არ გვაქვს თავდაცვის ისეთი დონე, როგორიც რამდენიმე დღის წინ ისრაელში ვნახეთ მოკავშირეების ერთობლივი ძალისხმევის წყალობით“, – ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მიმართა.
ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს 17 აპრილს მიმართა და ევროკავშირს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირის დაპირება უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ კვლავ შეუსრულებელია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის ევროკავშირში გაწევრების საკითხზეც და ევროპელ ლიდერებს ივნისში გაწევრების მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ მიმართვა რუსული ძალების მიერ ჩერნიჰივის დაბომბვაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ რუსეთის კიდევ ერთ თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Throughout the day, I received updates on the tragedy in Chernihiv following a Russian strike on the city and its residential quarters. Houses have been damaged, as has a hospital and a hotel that has been ruined. People under the rubble. Many injured.
As of now, 17 people have… pic.twitter.com/WWeeBejnSA
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 17, 2024
„დღე უკრაინაში კიდევ ერთი ტერორისტული თავდასხმით დაიწყო. რუსები ჩერნიჰივს რაკეტებით დაესხნენ თავს. ბევრი სახლი და საავადმყოფო დაზიანდა. ერთ-ერთი სასტუმრო სრულიად განადგურდა. 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ შორის იყვნენ ბავშვები. სამწუხაროდ, 17 ადამიანი დაიღუპა. თანავუგრძნობ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. ეს ყოველდღე ხდება. ახლა ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვა გვჭირდება. აქ, უკრაინაში, არ გვაქვს იმგვარი თავდაცვა, როგორიც რამდენიმე დღის წინ ახლო აღმოსავლეთში ვნახეთ. მხარდამჭერების გაერთიანებული ძალის წყალობით ისრაელმა შეძლო, გაენადგურებინა თითქმის ყველა დრონი და რაკეტა, რომელიც ისრაელის მიმართულებით გაუშვეს. უკრაინისა და ჩვენი მეზობლების ცა თანაბარ უსაფრთხოებას იმსახურებენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, რომ ისინი უკრაინის თავდაცვის გადაუდებელ საჭიროებებზე მუშაობენ. 18 აპრილს ევროპული საბჭოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ დასკვნაში ხაზგასმულია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების დაუყოვნებლივ მიწოდების საჭიროება. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ დაპირებები უახლოეს მომავალში შესრულდება.
„ამას თვეები არ დასჭირდება. ეს დღეების ან კვირების საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულოთ. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ და მეტი ძალისხმევა გავწიოთ, მათ შორის, თუ შესაძლებელი იქნება, მეტი ხელმისაწვდომი რესურსი გამოვიყენოთ, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით“, – განაცხადა შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
With President @ZelenskyyUa we discussed the latest developments in Ukraine. We strongly condemn Russia’s attacks on critical infrastructure, in particular the energy sector.
We must urgently provide air defence and speed up delivery of all military support, including… pic.twitter.com/NIbaw7kZr6
— Charles Michel (@CharlesMichel) April 17, 2024
ევროკავშირის ორდღიანი სამიტი 17 აპრილს დაიწყო. უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ევროპელმა ლიდერებმა ირანისთვის სანქციების დაწესება და ისრაელში, ღაზასა და ლიბანში არსებული ვითარება განიხილეს.