მეზობელი თურქეთის რესპუბლიკაში მთავარმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ, “სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ” გაიმარჯვა. ამ პარტიამ და მისმა ლიდერმა, რომელსაც ბევრი სახელმწიფოს მომავალ პრეზიდენტად მიიჩნევს, სტამბოლში პირველად 2019 წელს გაიმარჯვეს. რეჯეფ ტაიფ ერდოღანი წლევანდელ არჩევნებში რევანშის აღებას ცდილობდა 2019 წლის მარცხის საპასუხოდ.
თურქეთის რესპუბლიკის უდიდეს ქალაქში, სტამბულში, რომელშიც 16 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ოპოზიციის კანდიდატმა, მოქმედმა მერმა ექრამ იმამოღლუმ მმართველი პარტიის კანდიდატი თითქმის 11-პროცენტიანი უპირატესობით დაამარცხა.
ეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის პირველი მასშტაბური მარცხია 21 წლის განმავლობაში. ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, “სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ” მოიგო სახელმწიფოს სიდიდით მეოთხე ქალაქ ბურსაშიც, შეინარჩუნა კონტროლი იზმირსა, ადანასა და ანატოლიაზეც.
რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მმართველობის პირობებში საპრეზიდენტო ინსტიტუტმა განუზომლად დიდი ძალაუფლება მიიღო, მაგრამ ადგილობრივ დონეზე, თვითმმართველობის თვალსაზრისით გამარჯვებული პოლიტიკური პარტიისა და კადრის გავლენა და ძალაუფლება მაინც მნიშვნელოვანია. რეჯეფ ტაიფ ედროღანმა განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო არჩევნები იყო.
„ეს არჩევნები ჩვენთვის არა დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია. თურქმა ერმა კიდევ ერთხელ გამოხატა პოლიტიკური ნება და ჩვენ პოლიტიკოსებს განაჩენი გამოგვიტანა. ამ არჩევნებში თურქულმა დემოკრატიამ იზეიმა. ჩვენი ერის არჩევანს პატივს ვცემთ“, – განაცხადა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
საზოგადოებას მიმართეს გამარჯვებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც.
„გილოცავთ ამ გამარჯვებას. ერი იძლევა მითითებას, პოლიტიკოსები კი ამ მითითებას ასრულებენ. დემოკრატიამ გაიმარჯვა, ხვალ სხვა თურქეთის მშენებლობას დავიწყებთ, თავისუფალი, დემოკრატიული, თანასწორი, მეცნიერების მოყვარული თურქეთის მშენებლობას“, – განაცხადა ექრემ იმამოღლუმ, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ“.
თურქეთში გასულ უქმეებზე მუნიციპალური არჩევნები გაიმართაhttps://t.co/PxJjPujqTX
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) April 1, 2024
2024 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება თურქული ოპოზიციისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გასულ წელს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილი მარცხის ფონზე.