100 წლის ბერნარდ ბლუშტეინი, 99 წლის ჯონ ქრისთმანი და 100 წლის სიმორ ნუსენბაუ – მეორე მსოფლიო ომის სამი გმირი, რომელთა შესახებაც აქამდე თითქმის არავინ იცოდა. “მოჩვენებათა არმიის” წევრები, რომელთა წვლილიც ფაშიზმზე გამარჯვებაში დიდია და რომლებიც ომის დასრულების შემდეგ ჩუმად თავისთვის აგრძელებდნენ ცხოვრებას, 80 წლის შემდეგ კონგრესის ოქროს მედლით დააჯილდოვეს.
“მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ აქ ვარ და ასეთ დაფასებას ვგრძნობ… მადლობა”, – ამბობს ბერნარდ ბლუშტეინი, მოჩვენებათა არმიის ვეტერანი.
მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მისია ათწლეულების განმავლობაში იყო საიდუმლო, თუმცა დღეს ცნობილია, რომ “მოჩვენებათა არმიაში” დაახლოებით 1100 ჯარისკაცი იყო. ცნობილია მათი წვლილიც ფაშიზმზე გამარჯვებაში.
„როდესაც “მოჩვენებათა არმიის” ჯარისკაცები დაეშვნენ ომაჰას სანაპიროზე, როდესაც ისინი ბრესტში წვიმაში იბრძოდნენ, როდესაც თოვლში იყინებოდნენ ბასტიონის გარეთ, ან როცა ისროდნენ იტალიაში ფრონტის წინა ხაზზე, ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ 80 წლის შემდეგ მადლიერი ერი ასე სცემდა მათ პატივს. არცერთი ჯარისკაცი, რომლებიც ამ ნაწილში მსახურობდნენ, თავს გმირად არ თვლიდნენ. სიმართლის მხარეს მებრძოლი თითოეული ჯარისკაცი გმირია, თუმცა “მოჩვენებათა არმიაში” მსახურობა კიდევ უფრო დიდ გამბედაობას მოითხოვდა. 80 წელი გავიდა და დღევანდელი დღე ლოდინად ღირდა. მათ გამოიყენეს ფანტაზია, გამბედაობა, კრეატიულობა, რათა სხვა ჯარისკაცებს ბრძოლა შესძლებოდათ და ცოცხლები დარჩენილიყვნენ. ამ არმიის ოთხი ჯარისკაცი ბრძოლის დროს დაიღუპა… დანარჩენები კი სახლში დაბრუნდნენ და ათწლეულების განმავლობაში გაჩუმდნენ… არავისთვის უთქვამთ, რომ გმირები არიან… არ ფიქრობთ, რომ ეს გასაოცარია?“ – ამბობს რიკ ბეიერი, მოჩვენებათა არმიის პროექტის პრეზიდენტი.
“მოჩვენებათა არმიის” წევრებმა, ვინც დღეს მადლობა გადაიხადა დაფასებისთვის და ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დაესწრო დაჯილდოების ცერემონიას, მეორე მსოფლიო ომის დროს 30 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს…