ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ტელეკომპანია „ევრონიუსმა“ კვლევით ორგანიზაცია „იფსოსთან“ თანამშრომლობით კვლევა გამოაქვეყნა, სადაც რიგ საკითხებზე ევროკავშირის მოქალაქეების განწყობაზეა საუბარი.
მათ შორის ერთ-ერთი კითხვა ევროპის ქვეყნების ლიდერებს ეხებათ, მოსახლეობას ჰკითხეს როგორი დამოკიდებულება აქვთ სხვადასხვა ლიდერის მიმართ.
შედეგები კი ასე გადანაწილდა, ყველაზე მეტი პოზიტიურად განწყობილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, მეორე ადგილს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იკავებს, მესამეს გერმანიის კანცლერი.
გამოკითხულთა მხოლოდ 10%-ს აქვს პოზიტიური დამოკიდებულება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ. გამოკითხულთა 79%-მა განაცხადა, რომ მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.
უფრო დეტალურად კი გეტყვით, რომ ვლადიმერ პუტინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით ფინეთი ლიდერობს. ამ ქვეყანაში გამოკითხულთა 94%-მა ნეგატიურად შეაფასა ის. ხოლო რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ვლადიმერ პუტინის მიმართ დადებითი განწყობა ცოტათი მაღალი იყო, ამ ჩამონათვალში პირველი ბულგარეთია, სადაც გამოკითხულთა 37%-მა პროცენტმა დადებითი დამოკიდებულება დააფიქსირა, მეორე ადგილს საბერძნეთი, მესამეს კი სლოვაკეთი იკავებენ.
რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ყველაზე მეტად ფინეთში, შვედეთში, დანიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებსა და პოლონეთში გამოხატეს, ხოლო ნეგატიურად უნგრეთში, საბერძნეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში აფასებენ.
ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებიდან ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულება ვიქტორ ორბანის მიმართ აქვთ. მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება მოქალაქეთა მხოლოდ 15%-მა გამოხატა, მაშინ როცა ნეგატიურად 48% არის განწყობილი. ორბანი ყველაზე ნაკლებად შვედეთში, ფინეთში, რუმინეთში, პოლონეთსა და ავსტრიაში მოსწონთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნგრეთის მოქალაქეთა 54%-მა ვიქტორ ორბანის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირა.
რუმინეთი არის ის ქვეყანა, რომელიც ლიდერობს საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, იტალიის პრემიერ-მინისტრისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ დადებითი დამოკიდებულებით. საინტერესო ფაქტია, რომ ყველაზე მეტად ნეგატიური დამოკიდებულება საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ თავად ფრანგებმა გამოხატეს. გერმანიის კანცლერის მიმართ გერმანელებმა. იგივე ვითარებაა პოლონეთის, იტალიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრებთან მიმართებით. ნეგატიური დამოკიდებულება ყველაზე მეტად გამოხატეს სწორედ იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებსაც მართავენ.