ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმზე შეთანხმდნენ. ახალი წესის თანახმად, ევროკავშირს მიეცემა შესაძლებლობა, აღკვეთოს ისეთი შემთხვევები, როდესაც უვიზო მიმოსვლა ბლოკის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის.
მექანიზმის დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირს მიეცემა სამი დამატებითი საფუძველი უვიზო რეჟიმის შესაწყვეტად. პირველი – ეს არის ის შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა არ იცავს სავიზო წესებს და შედეგად, ბლოკის საზღვარს უფრო მეტი ადამიანი კვეთს; მეორე – ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეობა გაიცემა წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ; და ბოლოს, ჰიბრიდული საფრთხეები და დოკუმენტების უსაფრთხოების პროცედურებში ხარვეზები.
გარდა ამისა, ევროკავშირი შეძლებს ამა თუ იმ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას იმ შემთხვევაშიც, თუ მოულოდნელად გაუარესდება მასთან საგარეო ურთიერთობა. ცვლილების საფუძველი გახდა უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებიდან ევროპაში მიმავალი მოქალაქეების ზრდა, რომელთაც უარყოფითი პასუხი მიიღეს საზღვრის კვეთაზე, ან დაშვებულზე მეტხანს რჩებიან შენგენის ზონაში. ასევე ახალი მექანიზმის მიზეზად სახელდება, თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების ზრდა და შიდა უსაფრთხოების რისკები.