ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის მიერ მითვისება და აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ ე.წ. “აგენტების შესახებ” რუსული კანონის მიღება – ამ საკითხებზე ისაუბრა დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ბოლომდე დაიმორჩილოს აფხაზური საზოგადოება და გავლენის ქვეშ სრულად შეიყვანოს.
მისივე თქმით, ამ კანონით აკრძალულია ყველაფერი ის, რითაც არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს დაკავებული. როგორც გამახარიამ აღნიშნა, რუსეთს უნდა აფხაზეთი თავიდან ბოლომდე რუსულ სამართლებრივ სივრცეში მოაქციოს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტს განსახილველად „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტის მიხედვით, უცხოურ აგენტებად ჩაითვლებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და პირები, რომლებიც “აფხაზეთის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობენ და უცხოური წყაროებიდან იღებენ ფულს ან/სხვა ქონებას”.
